ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, გლდანის პროფესიული განათლების ცენტრში გამოფენა მოეწყო, რომელშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც მიიღო მონაწილეობა. ექსპოზიციის მიზანი პროფესიული განათლების განხორციელებაში ჩართულ მხარეთა შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო სტუ-ის ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების, გრაფიკული დიზაინის შესრულების, ხის მხატვრული დამუშავებისა და სამკერვალო წარმოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ხელნაკეთი ნამუშევრები. გარდა ამისა, გამოფენაზე განთავსებული იყო სტუ-ის ფაბლაბის პროექტები, სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სამრეწველო ავტომატიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ლაბორატორია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საილუსტრაციო მასალები.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილმა ბატიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის, დონორი ორგანიზაციებისა და დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაათვალიერეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების თანამშრომლებმა დამთვალიერებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი პროფესიული პროგრამების შესახებ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა, სარკინიგზო გადაზიდვები, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, ავტომობილის ელექტრული სისტემების შეკეთება, არქიტექტორ-ტექნიკოსი, ჰაერის კონდიცირება, საბაჟო საქმე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, სკოლის მოსწავლეებში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სტუ-ის ფაბლაბის პროექტებმა და 3D პრინტერით შექმნილმა პროტოტიპებმა, მაღალი ხარისხითა და ორიგინალური დიზაინით შესრულებულმა ტყავის ნაკეთობებმა და ფეხსაცმლის მოდელებმა. ასევე, დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ტექნიკური გადამზადების ცენტრის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საილუსტრაციო მასალებმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროგრამა Skills4Jobs-ის მეორე ფაზა იწყება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიულ პროგრამებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლონ. ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცემა, კიდევ უფრო მეტად განავითაროს პროფესიული სწავლება. დღეისათვის ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესიული პროგრამები და შეგვიძლია დაინტერესებულ ახალგაზრდებს ტექნიკური პროფილით ისეთი პროფესიული მომზადება შევთავაზოთ, რაც სამომავლოდ, უზრუნველჰყოფს მათ წარმატებით დასაქმებას სხვადასხვა საწარმოში. ტენიკური უნივერსიტეტის პროფესიები ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტურია საქართველოში და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

„განათლება დასაქმებისთვის” პროგრამის მეორე ფაზის ახალი ხუთწლიანი პროექტის - „უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად“ განხორციელება 48,5 მლნ ევროს (დაახლოებით, 156 მლნ ლარი) კომპაქტის ფარგლებში მოხდება. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გაუმჯობესებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს