რამაზ საყვარელიძე - თუ ეს სკანდალები გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს  სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს

თუ ეს სკანდალების პარადი გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, საპატრიარქომ გადაწყვიტა, უფრო გაბედულად იმოქმედოს და აღარ ჰქონდეს სტრატეგია „ვნახოთ, იქნებ ყველაფერმა ჩაიაროს თავისით“. მისი შეფასებით, სწორედ ასეთმა სტრატეგიამ გამოიწვია პრობლემების ზრდა.

„კარგი არაფერი რომ არ ხდება, მგონი, ყველა მოწმე ვართ. იმ მხრივ, რომ ეს სტრუქტურა ბევრი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და პრაქტიკულად, ჩემი აზრით, საკმაოდ დაგვიანებით უწევს, რეაგირება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც წარმოიშვა. დანარჩენი საკითხები უბრალოდ გაჭიანურების გამო გაგრძელდა. მეუფე პეტრეს რატომღაც დღეს გადაუწყვიტეს გაშვება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგის მიზეზი გაცილებით ადრე იყო, იმიტომ, რომ ძალიან მკვეთრ და საპატრიარქოსთვის ზიანის მომტან განცხადებებს გაცილებით ადრე აკეთებდა. ანალოგიურად, მამალაძის საქმის გადაჭრა დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა და იქაც გადაწყვეტილება შეიძლება გაცილებით ადრე მიღებულიყო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, ეკლესიის მიმართ იმედგაცრუებამ შეიძლება საკუთარი კულტურის მიმართაც შეარყიოს საზოგადოების ერთგულება.

„თუ ეს პარადი სკანდალებისა გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს. მას ყოველთვის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა საზოგადოებაში. ამას გრძნობდა საზოგადოება. პატრიარქის მიმართ იმ აგრესიაში, რომელიც ისმის შიგადაშიგ, ფაქტობრივად, იკითხება მთელი აი, ამ კულტურული სიმყარის მიმართ აგრესია. პატრიარქის სახელის მორყევით მთელი ქართული კულტურის ავტორიტეტი ირყევა და ამისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა