ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით

მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იღონებს “.

როგორც მიხეილ რამიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დეკანოზი გიორგი მამალაძე მადლობს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც ეკლესიას შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ის მადლობს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც ეკლესიას შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა. იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, სინოდზე და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა”, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა მძიმეა და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს.

მისივე შეფასებით, დეკანოზისთვის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა საკმარისი არ არის.

„მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმეა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს მარჯვენა ხელ-ფეხი წართმეული აქვს და შეზღუდულია. ამასთან, მას არ აქვს შესაბამისი პირობები სამკურნალოდ. ფაქტობრივად ის მკურნალობის კურსს ვერ გადის, მისი დაავადებისთვის ეს საკმარისი არ არის, პირიქით, შესაძლოა უფრო მეტად პრობლემატური იყოს ეს მკურნალობა და მომავალში პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით. თუმცა, საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის თხოვნით ჯერჯერობით არ მიუმართავს.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა