დავით ბაქრაძემ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევის ინიციატივა წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევის ინიციატივა წარადგინა. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, ბოლოს აფხაზეთის უზენაესი საბჭო 1991 წელს აირჩიეს, მას შემდეგ არჩევნები აღარ ყოფილა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ არჩევნებს, იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან ეს ვერ იქნება არჩევნები, ესაა პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ეთნიკური წმენდის შემდგომ და ოკუპაციის პირობებში, ამიტომ არანაირად არ გამოხატავს არც იქ მცხოვრები და მითუმეტეს, არც დევნილი ადამიანების უფლებებს, ამიტომ ვთვლით, რომ ნამდვილად დროული და კარგი იქნება, ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამგვარ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტია ხაზგასასმელი.

„ეს არ იქნება არჩევნები მხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროქტით, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ, მათ შორის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოკუპაციის პირობებში იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დიდწილად მონაწილეობას მიიღებს სწორედ დევნილი მოსახლეობა, მაგრამ სამართლებრივად და პოლიტიკურად ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ აფხაზეთის, საქართველოს სუვერენიტეტს, ხაზს ვუსვამთ, რომ განსხვავებით ე.წ. პარლამენტისგან სოხუმში, სადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს ქართველ დევნილ მოსახლეობას, ორგანო, რომელიც იქნება არჩეული, სრულიად აფხაზეთის წარმომადგენელი იქნება. გვესმის, რომ პრაქტიკულად ოკუპაციის პირობებში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არჩევნები ვერ ჩატარდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური წნეხია და ამ პირობებში ეს არჩევნები იქნება სწორედ სიმბოლო საქართველოს იურისდიქციისა აფხაზეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის გამო ფაქტობრივად იმ ტერიტორიაზე არჩევნები ვერ ტარდება, აფხაზეთის უზენაესი საბჭო მაინც წარმოადგენს სრულიად აფხაზეთის მოსახლეობის ორგანოს, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასევე გააძლიერებს საქართველოს არგუმენტებს საერთაშორისო არენაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს