წინანდალში თსუ-ის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის ფინალური ტური გაიმართა

თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის იმპროვიზაციული, ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც მონაწილეები ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული, ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა: „მწვანე თარგი“ - სილამაზის კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

„შემოდგომის ლეგენდა“ შესანიშნავად მიმდინარეობს. კონკურსის მონაწილეებმა ცოტა რთული დავალება მიიღეს, თუმცა ძალიან კარგი განწყობა აქვთ და იმედია, თავს გაართმევენ. „შემოდგომის ლეგენდა“ ბევრი კონკურსანტისთვის ლიტერატურაში შესვლის პირველი შანსია. დიდი იმედი მაქვს, წლევანდელი კონკურსის შემდეგ ბევრი ახალი სახე გამოჩნდება,“ - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინა.

„ძალიან მომწონს ჟიურის მიერ შერჩეული თემა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა თემიდან წამოსული ემოცია იქნება. იდეა უკვე მაქვს. ვაპირებ, რომ მოკლე ამბავი დავწერო და ზედმეტად არ გადავიხლართო სიუჟეტებში“, - აღნიშნა „შემოდგომის ლეგენდის“ მონაწილემ, თსუ-ის სტუდენტმა ილია ჭანტურიამ.

ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.

მწერალ მაკა ლდოკონენის თქმით, „შემოდგომის ლეგენდა“ თავისი შინაარსით და შედეგებით გამორჩეული ლიტერატურული კონკურსია. „სტუდენტურმა კონკურსმა ბევრჯერ გვაჩვენა, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურასთვის. ძალიან ბევრი კარგი მწერალი გვყავს, რომლებმაც პირველი ნაბიჯები სწორედ „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში გადადგეს და მრავალი კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ჟიურის წევრმა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია გაუმარტივოს ახალგაზრდებს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმა, აღმოაჩინოს ახალი მწერლები და გააცნოს ისინი მთელს საქართველოს. კონკურსი წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს არაერთი ჯილდოს მფლობელნი და წიგნების ავტორები არიან.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა