კავკასიოლოგთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით, კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონგრესის თემაა: „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).“

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონის წარმომადგენლები, თსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და არის კავკასიოლოგიის ცენტრი მთელ კავკასიაში. წლების განმავლობაში თსუ-ში იყო კავკასიოლოგიის სკოლა, რომელმაც კავკასიოლოგების მთელი პლეადა აღზარდა. ენათმეცნიერებასთან, ისტორიის საკითხებთან და ზოგადად, მეცნიერების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო თემა განიხილება კონგრესზე,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს პროფესორის, კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის ცირა ბარამიძის ინფორმაციით, კონგრესის წინაშე 172 მომხსენებელი წარსდგება.

„კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს სამი წლის მანძილზე მეცნიერებაში მიღწეულ სიახლეებს. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესს საქართველო მასპინძლობს. პირველი კავკასიოლოგიის სკოლა სწორედ ამ კედლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით,“ - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

„კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. კონგრესზე ჩვენ ვმსჯელობთ კავკასიის ერთიანობაზე, საერთო კულტურულ სივრცეზე, ენობრივ საკითხებზე,“ - განაცხადა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნანა მაჭავარიანმა.

კონგრესი საქართველოში რეგულარულად სამ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ორგანიზატორია თსუ. კონგრესში მეცნიერ-კავკასიოლოგები მონაწილეობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან, მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო