რომან გოცირიძე - მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნის დღესვე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებას მოვახდენთ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირების საკითხი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნის დღესვე იქნება დაყენებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა შედიოდეს. ამასთან, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რასაც დარბაზში მყოფი რამდენიმე დეპუტატის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„როგორც ხედავთ, ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომ არის დანაშაულის ნიშნები. გამოძიება მიმდინარეობს, დაიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე ის ადამიანი, ვისაც შეწყალებასთან ჰქონდა შეხება, იკვეთება კორუფციული ნიშნები და თქვენ იმ ფორმულირებაზე გეცინებათ? გამოძიება შეიძლება დაიწყოს დანაშაულის ნიშნების გარეშე?! ჩვენ ეჭვი გამოძიების ობიექტურობაში გვეპარება, ვინაიდან, როგორც ყველა გამოძიება, სადაც არის ხელისუფლება ჩარეული და სადაც ხელისუფლების დანაშაული იკვეთება, ის გამოძიება ჩაიფარცხა. არცერთი პროცესი არ იყო ბოლომდე მიყვანილი და არ მინდა ჩამოვთვალო აფგან მუხთარლით დაწყებული, დასრულებული სხვა საკითხით. ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას. მივეცით შანსი, პაუზა გვქონდა, ვხედავთ, რომ გამოძიება ფაქტობრივად, დასრულდა ორიოდე საოქმო გამოკითხვით, პრეზიდენტი არ დაიბარეს, არ დაკითხეს და არ გამოკითხეს“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს და ურჩევს, მხარი დაუჭირონ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი განცხადებით, სხვა შემთხვევაში აღნიშნულს სერიოზული პოლიტიკური რეზონანსი ექნება.

„ბოლო ინსტანცია საქართველოს კანონით და კონსტიტუციით არის პარლამენტი. ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 50 ხმას საჭიროებს, შედის თქვენს ინტერესებშიც. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მაშინ პირობას გაძლევთ, რომ ამ საკითხს ერთი საფეხურით მაღალ დონეზე ავწევთ და იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ. პარლამენტში იმპიჩმენტის ინიცირების საკითხი ამ კომისიის ჩავარდნის დღესვე იქნება დაყენებული. ახლა თქვენ ამბობთ, „აუჰ!“ არ არის ეს - „აუჰ“? თუ თქვენ იტყვით, რომ 50 კაცს ვერ შევაგროვებთ,ძალიან ცდებით...

კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, ჩვენ მოვითხოვთ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას. ეს საერთაშორისო რეზონანსის საქმეა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კენჭისყრის საკითხი, ამას ექნება სერიოზული პოლიტიკური რეზონანსი და ძალიან კარგად შეიტყობენ ადამიანები, ვინ შეიწყალა სამი მკვლელი, ნარკორეალიზატორი, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული პირი და ა.შ. ამას სხვა რეზონანსი ექნება. გირჩევთ გაჯიუტების ნაცვლად, მხარი დაგვიჭიროთ და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ეს უკეთესია პირველ რიგში თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომელმაც პრეზიდენტი დასვა ნაყიდი ხმებით“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა