დავით ზალკალიანი შვედეთის ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შვედეთის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორ ქვეყანას და ხაზი გაუსვა შვედეთის ჩართულობის მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლისა და ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

ასევე, შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ისტორიული ინიციატივა იყო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ხაზი გაესვა შვედეთის მნიშვნელოვან ძალისხმევას ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან და სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე, რაც მრავალი მიმართულებით განხორციელებულ პრაქტიკულ დახმარებაშიც გამოიხატება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედურ მხარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა რომ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირთან მეტი ფუნქციური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ფუნქციურ და ინსტიტუციურ დაახლოებას.

თავის მხრივ, შვედურმა მხარემ მზაობა გამოხატა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. აღინიშნა როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში, ასევე რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის და ადგილზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. მინისტრი შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან. დავით ზალკალიანის ვიზიტი შვედეთის სამეფოში 8 წლიანი პაუზის შემდეგ 2019 წლის 3-6 ნოემბერს ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო