ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმეზე მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში

სახალხო დამცველმა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიზანი არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის, მათ შორის, ბრალდებულის მხარდაჭერა, არამედ, მისი დანიშნულებაა დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი სამართლებრივი საკითხის სათანადოდ შეფასებაში.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.

სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საწარმოს საუკეთესო ინტერესი დირექტორისგან სამეწარმეო რისკების გაწევას მოითხოვს. დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს იმას, რომ წარსულში მიღებულ სამეწარმეო გადაწყვეტილებას სასამართლო დანაშაულებრივად მიიჩნევს მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე, მითუმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მითითებულია, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.

„შესაბამისად, ვინაიდან სახალხო დამცველის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნების, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების შინაარსი შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ დირექტორობის პერიოდში მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილების არამომგებიანობაზეა დაფუძნებული. საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადება და მაქსიმალური თანხის არმიღება, პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 29 აგვისტოს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო; აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა