საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - გატაცებული მეზღვაურების ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის გარკვეული არ არის

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებულ ქართველ მეზღვაურთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სიახლე არ არის. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაზა მახარაძემ განაცხადა, უწყებას მუდმივი კონტაქტი აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

„სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ჯერ ცვლილება არ არის. სულ ახლახანს ვესაუბრეთ გემის ოპერატორ კომპანიას, ასევე მათთან მუდმივ კავშირშია საბერძნეთში ჩვენი საელჩო. ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო სამსახურებს საბერეძნეთში, როგორც მოგეხსენებათ გატაცებულთაგან ერთ-ერთი ბერძენი მეზღვაურია, ასევე გემთმფლობელიც მეზღვაურია. საბერძნეთის კომპეტენტურმა უწყებებმაც იგივე ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ჯერ მათთან სიახლე არ არის და ისინი კავშირზე იმყოფებიან კომპანიასთან.

გარდა ამისა, ჩვენ კავშირზე გავედით ტოგოში სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც არის ჩართული გემების უსაფრთხოების საკითხებში. მათაც დაადასტურეს, რომ სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით არ აქვთ. მეზღვაურების ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის გარკვეული არ არის. ჩვენ რაც შეგვიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ეკიპაჟის 24 წევრიდან, გატაცებულია ოთხი. დანარჩენ ოცს, ყველაფერი რიგზე აქვთ. უცხოური მედიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა გასროლას, თუმცა დეტალური ინფორმაცია კომპანიიდან ან გემიდან, ჯერ არ მიგვიღია. ეს ჩვეულებრივი ამბავია, გამოძიების და უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზაზა მახარაძემ.

როგორც მახარაძემ აღნიშნა, ასეთი შემთხვევების დროს, მეკრობრეები ძირითადად ფინანსებით ინტერესდებიან ხოლმე.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით, დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. თავდასხმის დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა