ვახტანგ ძაბირაძე - არსებობს რეალური ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ განგებ გააჭიანურა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და შემდეგ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო

არსებობს რეალური ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ განგებ გააჭიანურა გამოძიება და შემდეგ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურამ შესაძლოა პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტოს.

„თუ მთლიანობაში გავითვალისწინებთ იმ პროცესს და პერიოდს, რა პერიოდშიც ეს გამოძიება მიმდინარეობდა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, დიდი ალბათობით, ხელისუფლება სწორედ ცდილობდა გარკვეული დრო გასულიყო, ამ თემას აქტუალობა დაეკარგა, საზოგადოებრივი აქტუალურობა, თორემ ოჯახისთვის ეს ტრაგედია მუდამ ტრაგედიად დარჩება და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, დიდი ალბათობით, რომ ამ თემამ აქტუალურობა უკვე დაკარგა საზოგადოების თვალში, იმიტომ, რომ წელზე მეტია უკვე გასული ამ მოვლენიდან და მთელი ეს პერიოდი მიდიოდა საპროტესტო აქციები. ეს საპროტესტო აქციებიც მინელდა და აღარ არის ისე აქტუალური. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ დაივიწყა, მაგრამ ხელისუფლებას დღეს უმტკივნეულოდ ანუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნაკლები აქტიურობის ხარჯზე, თუ საერთოდ ნულოვანი აქტიურობა არ იქნება, ჩათვალა, რომ დრო არის გამოძიების ის შედეგი დაედო, რაც ვთქვათ, რომ ხელისუფლებას აძლევს ხელს და არა იმათ, ვინც აპროტესტებდა სპეცრაზმის მოქმედებას პანკისის ხეობაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რა თქმა უნდა, შეუძლია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება, თუმცა, მისი განმარტებით, ამ თემას იმხელა საზოგადოებრივი რეზონანსი აღარ ექნება.

„დღეს ამ გადაწყვეტილებას მთელი საზოგადოება მივიღებთ როგორც ინფორმაციას და ამას არანირი აქტიურობა არ მოჰყვება. ასე იქნება იმიტომ, რომ დიდი დრო გავიდა და თემა მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო აქტიუალური და ნელ-ნელა კარგავდა სიმძაფრეს. მძაფრი რეაქციები არ იქნება. აქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ ძიების პროცესი და ეს საბოლოო შედეგი დადო“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს