„კოალიცია თანასწორობისთვის“ შსს-ს მოუწოდებს, ლგბტ თემზე გადაღებული ფილმის ჩვენებამდე, ძალადობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სათანადო სამუშაოები გაატაროს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს შსს-ს, რომ 8 ნოემბრამდე, როცა კინოთეატრებში დაგეგმილია ლგბტ თემზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება, გაატაროს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება.

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს. "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მათი საკუთრების დაზიანება არის ის მეთოდი, რომელიც „ქართულ მარშს“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებს წარსულშიც გამოუყენებიათ. შესაბამისად, მათი მუქარის გამო რეალური საფრთხე ექმნებათ იმ პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ, 8 ნოემბერს ფილმის პრემიერას დაესწრონ.

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება, ძალადობრივი ჯგუფების მუქარისა და რიტორიკის საპასუხოდ, არ აკეთებს განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლურ განცხადებებს. მათი პოლიტიკური რიტორიკა და გზავნილები დაუცველი ჯგუფების მიმართ უმეტესწილად ორაზროვანია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებს. ხელისუფლება არათუ რიტორიკის დონეზე არ ეწინააღმდეგება მსგავსი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, ხელს უწყობს მათ ძალადობრივ ქმედებებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორივე დაპირისპირებული ჯგუფის ნეგატიური როლი. წლებია ისინი ძალაუფლების განმტკიცებისა თუ მისი მოპოვების მიზნით, ახდენენ ლგბტი თემის ინსტრუმენტალიზაციას და მისგან მტრის ხატს ქმნიან. ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების ხელშეწყობად შეიძლება შეფასდეს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯაღმაიძე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობად აფასებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

,,კოალიცია თანასწორობისთვის“ ცნობით, ზემოთ აღნიშნული ჯგუფების მხრიდან ლგბტი თემის მიმართ მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

2019 წლის 8 ნოემბრამდე გაატაროს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

მოახდინოს სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება შესაბამისი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობის თუ სხვისი საკუთრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რაც რეალურია ძალადობრივი ჯგუფების მუქარისა და მათი წარსული საქმიანობის გათვალისწინებით.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს:

გააკეთონ ტოლერანტობის მხარდამჭერი არაორაზროვანი განცხადებები, ასევე წინასწარ გააფრთხილონ პოტენციური კანონდამრღვევები მოსალოდნელი პასუხისმგელობის თაობაზე.

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი „საფარი“; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა