მალხაზ მაჩალიკაშვილი - არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებიდან მიკავშირდებიან  და მეუბნებიან - ვიცით, რომ სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ არ შეგვიძლია  მედიისა და ქვეყნის წინაშე ეს ვთქვათ

არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებიდან მიკავშირდებიან, მოსულან ჩემამდე, შუამავლების გარეშე, არიან ადამიანები, რომლებიც მიკავშირდებიან შუამავლებით და მეუბნებიან - ვიცით, რომ სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა, ვიცით, რომ ეს სახელმწიფო დანაშაულია, მაგრამ არ შეგვიძლია მედიისა და ქვეყნის წინაშე ეს ვთქვათ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები შესაძლებელი იყო იქამდე, ვიდრე „ჯოჯოხეთის გავლა“ მოუწევდა. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები არა ახლა, არამედ თუნდაც ერთი წლის წინ რომ მისულიყვნენ მასთან და ეღიარებინათ, რომ სახელმწიფომ მისი შვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა, შესაძლებელია გარკვეული პოზიციები დაეთმო კიდეც.

"მგონი ყველა ხვდება, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, სადღაც ტყუილს იძახდეს და რაღაც გამოგონილს საუბრობდეს ხომ? არანაირ მოლაპარაკებაზე წამსვლელი არ ვარ, მოლაპარაკებაზე წავიდოდი მანამდე, ვიდრე ამ ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს სამყარო ჯოჯოხეთია ისედაც ჩემთვის, თემირლანის მკვლელობის შემდეგ ჯოჯოხეთად გადამექცა, მაგრამ მეორე ჯოჯოხეთი დაემატა, რასაც გავდივარ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში პარლამენტის წინ - მუქარა, დაშინება, შანტაჟი, სიცივე, ქარი, ყინვა, ესეც დაემატა. ახლა გვიან არის, თავის დროზე რომ მოსულიყვნენ ეს ადამიანები, მე მექნებოდა ალბათ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ამაშიც. თუნდაც ექვსი თვის წინ, ერთი წელიწადის წინ რომ მოსულიყვნენ ეს ადამიანები, ისე როგორც ორი თვის წინ და ეთქვათ, დიახ , ჩვენ დავაშავეთ, მაგრამ არ შეგვიძლია საქვეყნოდ მედიის წინაშე ამის აღიარება, ნუთუ არ არსებობს გამოსავალი ამის გარდა? ეს ახლა კი არა, მაშინ, რომ ეთქვათ, შეიძლება რაღაცაზე წავსულიყავი“,-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის ბრძოლას აგრძელებს იქამდე, ვიდრე სახელმწიფო არ აღიარებს დანაშაულს.

„დღეს ჩემ თავსაც ვებრძვი, რომ არ შევწყვიტო ეს ბრძოლა, ეს ჩემი ბრძოლის შეწყვეტა იმის ნიშანი იქნება, რომ მთელ საქართველოს დაეკარგება იმედი. მე თემირლანს არავინ დამიბრუნებს, რაც სამყარო დაარსდა, არ მომხდარა ეს და ჩემ შემთხვევაშიც არ მოხდება, მაგრამ თემირლანის საპატივსაცემოდ, ვიდრე სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რატომ ჩაიდინა სახელმწიფომ მაჩალიკაშვილთან ტერაქტი. თემირლანის საპატივსაცემოდ, მთელი საქართველოსა და ახალგაზრდების გულისთვის, ამ ბრძოლას გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო