სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივითა და მოწვევით, OECD – SIGMA და ევროკომისია 6-7 ნოემბერს, თბილისში, საჯარო შესყიდვების სხვადასხვა აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიურ საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მართავენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება საჯარო შესყიდვებში საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაზე, ახალი ევროპული რეგულაციების მოთხოვნების უკეთ გაცნობაზე, საჯარო შესყიდვების მეშვეობით ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეძენაზე, დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ მონიტორინგის წამყვან გამოცდილებებზე.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან როგორც ევროკომისიისა და OECD მაღალჩინოსნები, ასევე ევროპაში ცნობილი და აღიარებული ექსპერტები საფრანგეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, უნგრეთიდან, სლოვენიიდან, მონტენეგროდან, ასევე სამთავრობო დელეგაციები ბელარუსიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.
კონფერენცია 6 ნოემბერს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია” 09:45 დაიწყება და მას გახსნიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.