სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა

საქართველოს მთავარ და ყოველდღიურ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არქონა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას.

„ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას. მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე ქალი - თამარ გიგაური იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი. მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის მერე გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.

„მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია. „საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, „ღია კართან“ მაქსიმალური მიახლოვება. ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი. ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზადოს თავისი თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს