პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში ჩივის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივის და სამსახურში აღდგენას მოითხოვს.

საუბარია 4 პირზე, რომელიც ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციის იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა, 4-დან ერთმა მომჩივანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქალაქო სასამართლოში დავა უკვე მოუგო და ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, ორ საქმეზე სასამართლომ პირველ ინსტანციაში უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასარგებლოდ მიიღო, 1 პირის საქმის განხილვა კი სასამართლოში ახლა იწყება.

„ჩვენ ვმუშაობთ სალომე ზურაბიშვილის მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის მოტივით გათავისუფლებული 4 თანამშრომლის საქმეზე. 1 საქმე მიმდინარეა და სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერჯერობით. 1 საქმე მოვიგეთ პირველ ინსტანციაში და აღსრულებაზეა უკვე წასული, ვინაიდან მოთხოვნილია დაუყოვნებლივი აღსრულება. ამ შემთხვევაში სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა. ორი საქმე წავაგეთ, თუმცა მათგან ერთი გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში, მეორემ კი აღარ ისურვა დავის გაგრძელება. ყველა შემთხვევაში თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა ე.წ. რეორგანიზაციის მოტივით. იმ საქმეზე, რომელიც მოვიგეთ, შტატი არ იყო გაუქმებული, რეორგანიზაცია კი, მხოლოდ მაშინ იწვევს თანამშრომლის გათავისუფლებას, თუ შტატი გაუქმებულია. დანარჩენი ორის შემთხვევაში სადაოა, ვინ უნდა დარჩენილიყო შემცირებულ შტატზე - ის, ვინც დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუ ის, ვინც გაათავისუფლა“, - განაცხადა თეო ზაქარაშვილმა.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი პირის საქმეზე მუშაობს, რომელიც ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან. აღნიშნულ საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ მიიღო. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოში იხილება. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა