რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს- რომ არა თქვენი მუშაობა მიხეილ ჩინჩალაძესთან, მოხვდებოდით ამ 20-კაციან სიაში?

რომ არა თქვენი მუშაობა მიხეილ ჩინჩალაძესთან, მოხვდებოდით ამ 20-კაციან სიაში? გაუძლებდით იმ დიდ კონკურსს? - ამ კითხვით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ქეთევან ცინცაძეს მიმართა.

რომან გოცირიძის განმარტებით, ქეთევან ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან, რომელიც ე.წ. კლანის წევრია.

„2011-2017 წლებში თქვენ იყავით უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 7 წლის განმავლობაში იყავით თანაშემწე მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძის, რომელიც ითვლება ე.წ. კლანის ლიდერად თუ ერთ-ერთ ლიდერად. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ და ასეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას. სწორედ ამ „კლანური შერჩევის“ გამო იქნა დაწუნებული ის პირველი ათკაციანი სია, რომელსაც მოჰყვა მთელი პროცესები, მათ შორის, დღევანდელი ეს გამჭვირვალე პროცესი და მოჰყვა ფაქტობრივად საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, როცა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა. რომ არა თქვენი მუშაობა ამ ადამიანთან, ან რომ არა თქვენი საქმიანობა, როგორც ინსპექტორისა იუსტიციის საბჭოში, თქვენ მოხვდებოდით ამ 20-კაციან სიაში? გაუძლებდით იმ დიდ კონკურსს, იმ 150 მსურველს შორის, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი მოსამართლე იყო აკადემიური წრეებიდან, საკმაოდ სოლიდური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანები. შეძლებდით ამ ფილტრის გავლას და მოხვედრას ამ 20-კაციან სიაში?“ - მიმართა ქეთევან ცინცაძეს გოცირიძემ.

„ბატონო რომან, ვფიქრობ, შევძლებდი, მე გამოვიარე ყველა ის ეტაპი და ეს იყო გამჭვირვალე, რა ეტაპებიც გამოვიარე. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გასაკვირია ამ ტიპის კითხვა, ვინაიდან იმდენად გამჭვირვალე პროცესი იყო, რეალურად გამოჩნდა კანდიდატების კვალიფიკაცია და ა.შ.“ - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

აღნიშნული პასუხის შემდეგ, გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს კვლავ მიმართა კითხვით, მის კანდიდატობაზე ჩინჩალაძესთან მუშაობამ მოახდინა თუ არა დადებითი გავლენა.

„მაშინ უფრო მარტივად გეტყვით, რომ არა მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწეობა, თქვენთვის ამ შერჩევის პროცესში პოზიტიური ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო, ნეგატიური თუ ამ ფაქტორს არავითარი გავლენა არ აქვს?“ - მიმართა დეპუტატმა ქეთევან ცინცაძეს.

აღნიშნული კითხვა მოსამართლეობის კანდიდატისთვის კვლავ გასაკვირი აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, არანაირი ფაქტორი არ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პერიოდი მოსამართლის თანაშემწეობას, როდესაც არაერთ მოსამართლესთან ხარ ნამუშევარი და ამავდროულად, ის მოსამართლე არ არის საბჭოს მოქმედი წევრი. ამდენად, ჩემთვის გასაკვირია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ საკითხს არანაირი გავლენა არ შეიძლებოდა ჰქონოდა“, - განაცხადა ცინცაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს