მამა ბასილ იაშაღაშვილი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - მთავრობისადმი ჩვენი თხოვნაა, წინ აღუდგეს ამ ფილმის ჩვენებას და არ მიიღოს მონაწილეობა ცოდვის გავრცელებაში

ჩვენი თხოვნაა მთავრობისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას. პირიქით, წინ აღუდგნენ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ ცოდვის გავრცელებაში, - ამის შესახებ თელეთის ხარების ტაძრის წინამძღვარმა ბასილ იაშაღაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მამა ბასილის განცხადებით, ყველა, ვინც “ამ ფილმის ჩვენებას ხელს შეუწყობს, მონაწილე იქნება ჩვენი ერის გადაგვარების და გახრწნის”.

“ამ ფილმის მიზანი არის ის, რომ ერთსქესიან ადამიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ლტოლვა და წარმოაჩინოს, თითქოს ეს ნორმალურია. ეს არის მამათმავლობისკენ მოწოდება და წაქეზება. საშიშია ამ ფილმის ჩვენება. ჩვენ ვხედავთ უკვე ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც გადაგვარების გზაზე დგას და თანაგრძნობითაა განწყობილი ამ გარყვნილებისადმი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი შევუშალოთ ამ ფილმის ჩვენებას. საზოგადოება მოდუნებული არ უნდა იყოს, უნდა გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვას. ასევე, მოვუწოდებთ მშობლებს, არ გაუშვან თავიანთი შვილები, თუ უნდათ რომ ჰყავდეთ ნორმალური შვილები და არ გახდნენ ფსიქიურად და ხორციელად დაზიანებული.

მე, როგორც მღვდელი, 8 ნოემბერს მივალ და დავდგები იმ აქციაზე, სადაც პროტესტს გამოთქვამენ. პოლიციასთან წინააღმდეგობა არ მიმაჩნია სწორად, იქ მისვლაც საკმარისი იქნება. მშვიდობიანად დავდგები, შეჭრას და დარბევას არ ვგეგმავ”, - განაცხადა მამა ბასილმა.

თავის მხრივ, ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის დეკანოზი ლევან ანთაძე საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ბრალდებები, რაც ბოლო პერიოდში პატრიარქისა და მეუფეების მიმართ გაჟღერდა, არის ცილისწამება.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააპროტესტებს თუ არა მამათმავლობის ცოდვას ეკლესიის შიგნით, მამა ლევანმა განაცხდა:

“რომ აღმოჩნდეს ასეთი საკითხი, გაცხადდეს და დამტკიცდეს, რა თქმა უნდა, უფრო აღმატებულად გამოვხატავთ პროტესტს. ვინ თქვა, რომ ეკლესიის წიაღში თუ დავინახეთ ასეთი გადაცდომა, იქ ვიტყვით, რომ შეწყნარებული უნდა იყოს ეს ცოდვა?”, - აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო: მამა ბასილ იაშაღაშვილი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" - მთავრობისადმი ჩვენი თხოვნაა, წინ აღუდგეს ამ ფილმის ჩვენებას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო