მეუფე ზოსიმე - დღესაც არის ძალები, რომელთაც ეკლესიაში არეულობა უნდათ, ან რაღაც უფრო მეტი

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გასაკვირია, რომ „31 წლის წინ, ეკლესიის მიერ უკვე გადაწყვეტილი ამბავი, ახლა გაჟღერდა“. მღვდელმთავრის განცხადებით, ამ ბრალდებების შემდეგ უმაღლესი იერარქიიის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

მეუფე ზოსიმეს თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მისი ბრალეულობა დამტკიცდება.

„მე ასე მგონია, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. არ მინდა გავიხსენო ერთი მღვდელმთავრისაგან ამას წინათ ეკლესიაში გაკეთებული განცხადებები. ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ ის ახლოსაა სიმართლესთან, რომ დღესაც არის ძალები, რომელთაც ეკლესიაში არეულობა უნდათ. ან რაღაც უფრო მეტი“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ამასთან, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდა ის, რომ მაშინდელ სასულიერო აკადემიას ხელმძღვანელობდა.

„ის ვიცი, რომ ამათთან ურთიერთობა ძალიან ძნელი იყო. მათ უნდოდათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა შეეტანათ ეკლესიის ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, აკადემია მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ შეიძლება არც ის აწყობდათ, რომ აკადემიას სათავეში მე ჩავუდექი. მაშინ, კადრების და გამოცდილების ნაკლებობა იყო, თორემ ახლა ვხვდები, რომ მოვრიდებოდი იმ რთულ გარემოს და ატმოსფეროს-მეთქი“,-განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

როგორც მან ანიშნა, სასულიერო აკადემიიდან ის პატრიარქს არ გაუთავისუფლებია და მხოლოდ საკუთარი ნებით წამოვიდა.

„რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა. ეს ტკივილი დღემდე მომყვება. ამ ტკივილს ვატარებ, თავი ვერ გავითავისუფლე. იცით, რა ძნელია, როდესაც სიკეთე გინდა და ადამიანი ამის გამგები არ არის, არ უფრთხილდება?!“,- აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა