ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი რეფორმა ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას.

„ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო 7 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეხება. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.

„ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.

რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. მინისტრის თქმით აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო