სემეკმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნები უსაფუძვლოდ სცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

სემეკის ცნობით, ასევე არ დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნა, აღნიშნული სადავო საკითხის საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილებასთან დაკავშირებით.

კომისიამ მიიჩნია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის ქცევა სემეკის საჯარო სხდომაზე, მათსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავის საჯარო განხილვისას, მიზნად ისახავდა კომისიის კონკრეტული წევრის საქმის განხილვისგან ჩამოშორების ხელოვნური საფუძვლის შექმნასა და შესაბამისად, კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, 2019 წლის 19 თებერვალს „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სემეკს „ჯორჯიან უოთენ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის გაუქმება. სემეკმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და 2019 წლის 18 მარტს აღმასრულებელი დირექტორის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ გაეგზავნა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ორგანიზაციის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული იყო და საჩივარი ვერ დაკმაყოფილდებოდა. აღნიშნული წერილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც, საკითხი კომისიას უკან დაუბრუნდა, საჯარო სხდომაზე განსახილველად. სადავო საკითხის განხილვა კომისიამ 30 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე დაიწყო. 7 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ საფუძვლიანად მიიჩნია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებზე“ განხორციელებული დარიცხვა.

გარდა ამისა, 31 ოქტომბერს სემეკს მიმართა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და მოითხოვა კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილება აღნიშნული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. განმცხადებელი მიუთითებდა აცილების სხვადასხვა საფუძველზე, რომლებიც არ ასახავს ობიექტურ გარემოებებს და წარმოადგენს განმცხადებლის სუბიექტურ მოსაზრებებს.

კერძოდ, განმცხადებელმა მოთხოვნაში აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვამდე კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს მოუწოდა ზრდილობის ნორმების დაცვისკენ და ამის საფუძვლად დაასახელა სემეკის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრისას დაფიქსირებული გარემოება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში მითითებულია, რომ სემეკის წევრის მხრიდან ასეთი სახის მითითება წარმოშობს განმცხადებლის მიმართ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასა და კომისიას ქვეცნობიერად განაწყობს განმცხადებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების პოზიციისკენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკი აცხადებს, რომ გიორგი ფანგანის მიერ გაკეთებული მოწოდება ზრდილობის ნორმების დაცვისკენ აბსოლუტურ შესაბამისობაშია საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და სემეკის დადგენილებით დამტკიცებული „ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესით“ განსაზღვრულ ეთიკის ნორმებთან. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში დასაბუთების გარეშე მითითებულია, რომ გიორგი ფანგანმა საჩივრის განხილვამდე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი აზრი სადავო გარემოებებთან მიმართებით, რაც აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს.

გარდა ამისა, განმცხადებელი აცხადებს, რომ გიორგი ფანგანის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლის თანახმად, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დასკვნის მცდარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, წარმოადგენდა გადაწყვეტილების პროექტის მიმართ წინასწარ შეხედულებას.

სემეკი განმარტავს, რომ გიორგი ფანგანმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა საჯარო სხდომაზე, საქმის განხილვის დროს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლითაც იგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დილეტანტებად მოიხსენებდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებს, რომელთა კვალიფიკაციაც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სემეკი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენება და იმაზე საუბარი, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა განმცხადებლის მითითებით და მოთხოვნით, არასწორია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა 30 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე განაცხადა, რომ არსებობდა გიორგი ფანგანის პირადი ინტერესი და სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საქმის გადაწყვეტაზე და ამიტომ მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ასევე აღნიშნა, რომ იგი შეისწავლიდა გიორგი ფანგანის საქმიანობას და მოახდენდა მის საზოგადოებისთვის გაცნობას. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის ქცევა მიზნად ისახავდა კომისიის კონკრეტული წევრის საქმის განხილვისგან ჩამოშორების ხელოვნური საფუძვლის შექმნასა და შესაბამისად, კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას”,-აცხადებენ სემეკში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა