თბილისის შემდეგ Ryanair ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს

7 ნოემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair ოპერირებას დაიწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით 21:15 საათზე შესრულდება.

მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჩხიკვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, ასევე Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკა მიიღებენ.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა