ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ნატო-ს მომავალი წევრია.

„საქართველო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო უსაფრთხოების პრინციპების ერთგულია, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ნატო-ს მომავალი წევრია. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ამყარებს, რაც ასევე ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეუქცევადობის გარანტიაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

„არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა გავაძლიეროთ ეროვნული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, შევიმუშაოთ ჰიბრიდულ და პოტენციურ კონვენციურ საფრთხეებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა. უკიდურესად რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს თავდაცვის ამბიციურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტოტალური თავდაცვისა და სტრატეგიული მზადყოფნის ამოცანებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტიანი და მდგრადი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის რეფორმირების პროცესში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო, რაც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ეფუძნება და გულისხმობს მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამხედრო განათლებას, სწავლებებს და შეიარაღების სისტემების გაუმჯობესებას.

„2020-2025 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიცაა მრავალეროვნული სწავლებების მხარდასაჭერად საწვრთნელი ინფრასტრუქტურის ნატოს სტანდარტებით მოდერნიზება და მზადყოფნის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სწავლებები. სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება უფრო დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა რანდალ სიმონსმა, ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა