თსუ-სა ოთხ გამომცემლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოთხ გამომცემლობას: ,,სეზანს”, ,,კლიოს”, ,,საგასა” და „აგორას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

თსუ-ს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გამომცემლობების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ ბიბლიოთეკაში გაიმართა ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი’’ პრეზენტაცია.

გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს შორის მომავალში ინტენსიური თანამშრომლობაა დაგეგმილი, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში. ამასთან, თსუ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესავსებად, თსუ გამომცემლებისგან საჩუქრად იღებს ახალგამოცემულ წიგნებს.

„მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამომცემლობისთვის, წიგნები ახალგაზრდების ფართო მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შეეძლებათ მოვიდნენ, ადგილზე წაიკითხონ, გაეცნონ და მეტი ინტერესი გაუჩნდეთ ჩვენი წიგნებისადმი, შემდეგ უკვე წიგნის ფესტივალზე მოგვაკითხონ“,- აღნიშნა ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი“ მთარგმნელმა და გამომცემლობა „აგორას“ ხელმძღვანელმა მარინა ბალავაძემ.

„მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს არ აქვს წიგნების შეძენის საშუალება, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ინიციატივები",-განაცხადა გამომცემლობა „სეზანის“ წარმომადგენელმა ირინა შავერდაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკას, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცა გამომცემლობა „კლიოსგან.“ გამომცემლობის რედაქტორის ელენე მეძმარიაშვილის თქმით, „ეს წიგნები გამოადგება ყველას, როგორც სტუდენტს, ისე პროფესურას. ისინი საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში და ეხება საკითხებს, რომლებიც მანამდე არ იყო გაშუქებული ჩვენს სამეცნიერო სივრცეში“.

ამასთან, როგორც გამომცემლობა „საგას“ დირექტორი თამარ ნაჭყებია აცხადებს, გამომცემლობის წიგნები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება თსუ ბიბლიოთეკაში სპეციალურად განთავსებულ სტენდზე.

თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)