დიდ ბრიტანეთში, სატვირთოში აღმოჩენილი 39-ვე ცხედარი იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ესექსის პროვინციის სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატვირთოში აღმოჩენილი 31 ვიეტნამელი მამაკაცისა და 8 ვიეტნამელი ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია. პოლიცია აცხადებს, რომ გარდაცვლილთა სახელები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ლონდონთან ახლოს, ესექსის პროვინციაში სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. თავდაპირველად გამოძიება აცხადებდა, რომ გარდაცვლილები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ყველა მათგანი ვიეტნამელი იყო. მომხდართან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიელი მძღოლი და კიდევ სამი პირია დაკავებული. პოლიცია ეძებს ორ ჩრდილოეთ ირლანდიელ ძმას, რომლებიც ადამიანთა ტრეფიკინგსა და განუზრახველ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიეტნამის ორ პროვინციაში 11 ადამიანია დაკავებული.