სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს იუსტიციის საბჭო არ უნდა ნიშნავდეს

სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეები თავად სასამართლოებმა უნდა აირჩიონ და მათ არ უნდა ნიშნავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

აღნიშნული შენიშვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, ასევე კოალიცია „გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ და კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ გამოთქვეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, აღნიშნული მექანიზმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.

„იმ პირობებში, როცა სასამართლო არის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის გავლენის ქვეშ, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს ძალიან დიდ ძალაუფლებას არა მხოლოდ დანიშნოს და გაათავისუფლოს მოსამართლეები და ამით მოახდინოს გავლენა მათზე, არამედ მათი ყოველდღიური საქმიანობა გააკონტროლოს სასამართლოს თავმჯდომარეების მეშვეობით. ეს მექანიზმი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნა სასამართლოს თავმჯდომარეების კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ღრმად გვწამს, რომ არიან სასამართლო სისტემაში და აკმაყოფილებენ კომპეტენციისა და თავისუფლების სტანდარტებს",- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან დღემდე ვერ მოისმინეს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს არჩევითი სასამართლოს თავმჯდომარე იქ, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ამავე კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის შენიშვნა, რომ სასამართლოების თავმჯდომარე იყოს არჩევითი, გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ მისი თქმით, ამ ეტაპზე რჩება კანონპროექტის ის რედაქცია, რაც არის წარმოდგენილი მეორე მოსმენით. მან ასევე მზაობა გამოხატა, გამართოს მათთან კონსულტაციები პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანამდე.

შეგახსენებთ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს 5 წლის ვადით ნიშნავს, ეკისრება ვალდებულება კანდიდატის შერჩევამდე კონსულაციები გაიაროს სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეებთან. ასევე იუსტიციის საბჭოს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

კანონპროექტით ცვლილებები ეხება ასევე ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირების საკითხს, წარმოდგენილი ორგანული კანონი ასევე, ავალდებულებს იუსტუციის საბჭოს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ დასაბუთება გამოაქვეყნოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს