ერთი „ზონდერ“ მინისტრი ბატიაშვილი ჩანაცვლდება სხვა „ზონდერ“ მინისტრით, რომლის ამოცანა იქნება არა განათლების სისტემაში პრობლემებთან ბრძოლა, არამედ საარჩევნოდ განათლების სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განათლების უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხზე განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ გახდება განათლების მინისტრი მაგდა მაღრაძე, სოზარ სუბარი თუ მაია მიმინოშვილი, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება სამი კანდიდატიდან რომელი გახდება მინისტრი ამაზე დაბეჯითებით საუბარი, თუმცა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათგან ვის აირჩევს ივანიშვილი, რადგან ერთი „ზონდერ“ მინისტრი ბატიაშვილი ჩანაცვლდება სხვა „ზონდერ“ მინისტრით, რომლის ამოცანა იქნება არა განათლების სისტემაში პრობლემებთან ბრძოლა, არამედ საარჩევნოდ ინსტრუმენტალიზაცია განათლების სისტემის, - განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორც დეპუტატი აცხადებს, არანაირი სტრატეგიული ხედვა ივანიშვილს არც ერთი მიმართულებით და მათ შორის, არც განათლების მიმართულებით არ გააჩნია.
„განათლების სისტემის ინსტრუმენტალიზაცია საარჩევნოდ, საჯარო მოხელეების გამოყენება ეს არის მისი მთავარი ამოსავალი წერტილი. ის, რომ ივანიშვილმა პარლამენტს დაამტკიცებინა ომის კაბინეტი გახარიას ხელმძღვანელობით, ეს არის ფაქტი და ეს არის ომი საკუთარი ხალხის, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ შექმნა მან ომის კაბინეტი, რომ რამენაირად საკუთარ ძალაუფლება შეინარჩუნოს",- განაცხადა ბოკუჩავამ.