მამუკა ხაზარაძე - თვალებში ვუყურებ და ვეუბნები ივანიშვილს, რომ ვერ შეგვაშინებს, ვერ გაგვაჩერებს

აი, ახლა თვალებში ვუყურებ და მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, - ასე მიმართა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს და „ოცნებას“ მათი ეშინია.

„ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ეს ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული... ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება - ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ახალგაზრდებასაც მიმართა და როგორც განაცხადა, მათ უნდა რცხვენოდეთ, რომ „ასეთ რეჟიმს ემსახურებიან“.

„მინდა მივმართო „ოცნების“ ე.წ უცხოეთში განათლებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს - გრცხვენოდეთ ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერც ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ და გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც გაგაჩნიათ. არ გაგაჩნიათ მიზანი, არ გაგაჩნიათ გეგმა, არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობაც კი იმიტომ, რომ ასეთ უსამართლობას ეგუებით. გომურის {20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური} არ გამოცხადება დაზარალებულად ეს არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობის, თქვენი დამოკიდებულების სამართალთან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის