influence.ge  - სტარტაპი, რომელმაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ პირველი მილიონი მოიპოვა

ქართულმა სტარტაპმა influence.ge 1,300,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გლობალურმა სტარტაპ ფონდმა, რომელიც „სილიკონ ველი თბილისში“ ისრაელის „სილიკონ ვადისთან“ პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ტიპის ინვესტიცია საქართველოში პირველად ხდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.

influence.ge არის ინოვაციური, data-driven ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია და აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც აკავშირებენ საქართველოში მოქმედ კომპანიებთან. შემკვეთის მოთხოვნებზე დაყრდნობით, არჩევენ ბაზაში ინფლუენსერებს, რომლებსაც გავლენა აქვთ შესაბამის მიზნობრივ სეგმენტზე, რის შემდეგაც ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ქმნიან ორიგინალურ კონტენტს შემკვეთის პროდუქტებზე ცნობადობის და ნდობის ამაღლების მიზნით.

სტარტაპის დამფუძნებლები გიორგი თუშურაშვილი და ლადი გაბუნია არიან. როგორც გიორგი თუშურაშვილი აცხადებს, მიღებულ დაფინანსებას საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად გამოიყენებენ.

„მიღებული დაფინანსებით უნდა შევქმნათ საერთაშორისო პლათფორმა, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ინფლუენსერ მარკეტინგის განხორციელებაში დაეხმარება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დავაკავშიროთ ინფლუენსერები ბრენდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი პროდუქტი ინტერნეტ სივრცეში გაარეკლამონ,“ - აცხადებს გიორგი თუშურაშვილი.

7 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა არსებული კაფსულა, რომელიც სამი წლის წინ უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე ჩაიდო.

„2016 წელს, როდესაც დაფუძნდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სიმბოლური ფირფიტა განვათავსეთ სპეციალურ კაფსულაში იმ სტარტაპისთვის, რომელიც პირველ მილიონს მოიპოვებდა ჩვენს უნივერსიტეტში. 3 წლის შემდეგ უკვე გვყავს ასეთი სტარტაპი, რომელმაც 1 300 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა BTU-ს ფარგლებში,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

„ვულოცავ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს და სრულიად საქართველოს ქართული სტარტაპის ასეთ მასშტაბურ წარმატებას. ეკონომიკის სამინისტროსა და GITA-ს დახმარებით ეს სტარტაპი გახდა გამარჯვებული და მოიზიდა ძალიან მსხვილი ინვესტიცია ისრაელიდან, რომელსაც ჩვენი, GITA-ს დაფინანსებაც დაემატა. სრულიად ღირსეულად ის გახდა კაფსულის მფლობელი, რომელიც უნივერსიტეტში სამი წლის წინ ჩაიდო”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანია ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარება. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის მაისში გაიმართა, 100 -ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.

„ბიზნესის დაფინანსებასა და განვითარებაზე ფიქრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჩვენთვის, თუ ვინ არის ეს ადამიანი, რა განათლება აქვს, რა შესაძლებლობები აქვს და რამდენად შუძლია ეს ბიზნესი გახადოს მასშტაბური. ვგულისხმობ მასშტაბურს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ჩვენ შევისწავლეთ ამ სტარტაპს მართლაც დიდი შესაძლებლობები აქვს, რომელსაც დახმარებისა და კონსულტაციის საშუალებით მართლაც დიდ ბიზნესად აქცევს,“- განაცხადა გლობალური სტარტაპ ფონდის, ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის, ბენიშ ჯგუფის დამფუძნებელმა, საქართველოს საპატიო კონსულმა ისრაელში მენი ბენიშმა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მომდევნო სესია 2020 წლის მარტში ჩატარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს