კახა კოჟორიძე - დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა „ქართული მარში", არამედ „ქართული ოცნება"

„დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა „ქართული მარში", არამედ „ქართული ოცნება", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე, რომელიც კახა კოჟორიძემ და დეა მეტრეველმა ერთობლივად გამართეს და რომელიც კინოპრემიერის კვალდაკვალ განვითარებულ პროცესებს შეეხებოდა, დეა მეტრეველმა აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზს და ქართული საზოგადოების დაპირისპირებისა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა, ხოლო კახა კოჟორიძემ ისაუბრა მოვლენებში "ქართული ოცნების" როლის შესახებ.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად მასობრივი არეულობა, დესტაბილიზაცია და მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ "ქართული მარშის" ქმედებები, სინამდვილეში დესტაბილიზაციას მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება". უკვე მერვე წელია, რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ გამოავლინეს ვერც ცოდნა, ვერც სახელმწიფოებრივი გააზრების და ვერც კრიზისების მართვის უნარი. ჩვენ ვხედავთ ამ სამწუხარო მოვლენებს, რაც ვითარდება ამ ბოლო დღეების განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაც გამოავლინა მისი ხელისუფლებაში მართვის პერიოდში, ეს არის კრიზისების მართვის ე.წ. ორიგინალური უნარი - ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი შექმნილი კრიზისი, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება არის "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი, გადაიფარება სხვა კრიზისით, სხვა კრიზისს იგონებს ერთი კრიზისის გადასაფარად. ვხედავთ, როგორ იფარება კორუფცია ნეპოტიზმით, ნეპოტიზმი სასამართლოში არსებული მძიმე მდგომარეობით, სამართლებრივი საკითხები და უსამართლობა საპატრიარქოს საკითხით, საპატრიარქოს საკითხი მასობრივი ძალადობით. ჩვენ ვხედავთ მთელი პროცესების მანკიერ ჯაჭვს", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიაზრა, რომ არ უნდა წაახალისოს ძალადობრივი ჯგუფები, ხოლო "მანკიერი წრიდან" ერთადერთი გამოსავალი თავად ხელისუფლების შეცვლაა.

"კაცობრიობამ ათასობით წლის წინ, როდესაც პირველი სახელმწიფოები შექმნა, გაიაზრა, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და სხვა არც ერთ ჯგუფს სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს ძალის გამოყენების უფლება, ეს არის სახელმწიფოებრიობის ანბანური ჭეშმარიტება. მაგრამ 21-ე საუკუნეში "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიაზრა ის, რაც გაიაზრა კაცობრიობამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომ არ შეიძლება, ძალადობრივი ჯგუფები წაახალისო, დააორგანიზო, ან როდესაც დანაშაულს სჩადიან, არ დასაჯო. ეს არის ძალიან დამაზიანებელი თამაში ჩვენი სახელმწიფოსთვის და ვხედავთ, როგორ ზიანდება ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ამ უნიათი ხელისუფლებით. არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, თუ გვინდა, რომ შეიცვალოს ეს მანკიერი წრე, რაც საქართველოშია თავად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მოძრაობა "ლელოს" დაწყებული აქვს ეს პროცესი, ამ მიმართულებით მივდივართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მანვე უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა თავად "ქართული მარშის" წევრების და გუშინდელი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. "საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედების თავისუფლება. მეორე მხრივ, ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ ნაწარმოებზე, როგორი კარგი ან ცუდიც არ უნდა იყოს, ჰქონდეს მოსაზრება და ეს გამოხატოს, მათ შორის აქტიური პროტესტის ფორმით. მაგრამ ძალიან მარტივია, რომ ძალადობის უფლება არ აქვს არავის. ადამიანებს თუ სურთ სამართლებრივად ჩაერიონ და შეზღუდონ სხვისი გამოხატონ თავისუფლება, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის სასამართლო. როგორც ჩანს, "მარშსაც", ორგანიზატორებსაც ეს დაავიწყდათ. ვნახეთ პროცესები, დასისხლიანებული ადამიანები და, ეს რა თქმა უნდა, შეიცავს ძალადობის ნიშნებს და ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა, ეს გამოძიება აწარმოოს. მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში მოწოდება პროკურატურის თუ შსს-ს მიმართ არც კი გვაქვს, რადგან უკვე ამ სისტემის არ გვჯერა, რომ ისინი რამე სწორ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ ამ სირცხვილზე, რაც ჩვენ ვნახეთ. რაც შეეხება გუშინ რამდენიმე ადამიანის დაკავებას, ჩვენ ადრეც გვინახავს ე.წ. რეაგირება, დაკავებები, რასაც ხშირად მოჰყოლია არაადეკვატური სანქციები, 100-ლარიანი ჯარიმები. ეს არ არის ერთი პროცესი, ეს არის მთელი ჯაჭვი, რომელიც უნდა შევაფასოთ. ერთი კვირის წინ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ითქვა, რომ თვალამოთხრილი ადამიანი დაზარალებული არ არის, ანუ აბსოლუტურ აბსურდში ვცხოვრობთ. ამიტომ დაკავება ხშირად "ქართული ოცნების" მხრიდან მოჩვენებითი მოქმედებაა", - განაცხადა კოჟორიძემ.

პრესკონფერენციაზე დეა მეტრეველმა დასძინა, რომ ის მოუწოდებდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეკეთებინა განცხადება, რადგან მისი თქმით, სწორედ აღნიშნული უწყება უნდა იცავდეს ქვეყანაში შემოქმედების თავისუფლებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს