საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმენენ.

რაც შეეხება ნიკა მელიას პროცესზე არ დასწრების საკითხს, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას წინა პროცესზე დარბაზი იძულებით დაატოვებინეს და შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა სასამართლო პროცესების ბოლომდე გაგრძელდეს. ადვოკატის განცხადებით, ამის მიუხედავად, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დაცვის მხარემ მიმართოს სასამართლოს, რომ ნიკა მელია პროცესებს დაესწროს.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო