დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარების შესახებ, რაც  საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება

საქართველო გამოხატავს ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას, რათა მიღწეულ იქნას საერთო მიზნები და ამოცანები,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.

„ჩვენს მიერ შემუშავდა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დღეს, შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერსპექტივაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე ადამიანების უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე ვითარების შესახებ, რაც საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს. საქართველო ძალისხმევას არ ზოგავს იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს, „კონფლიქტი საქართველოში“ და რისი საშუალებითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე “, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მისივე თქმით, დღეს გაიმართება საქართველო - ევროპის საბჭოს 2020 -2023 წლის სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციაც.

„სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროპის საბჭოსა და ქართულ მხარეს შორის აქტიური თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად პრინციპებთან; დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც იმედი მაქვს, ისევე წარმატებული იქნება, როგორც წინა ორი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, ზალკალიანის ინფორმაციით, წელს ევროსაბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსების 70 წლის იუბილეს, ხოლო საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა გამოსცა საიუბილეო მონეტაც.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, რომელიც სწორედ 20 წლის წინ გაჟღერდა, საიუბილეო მონეტაზეა წარმოდგენილი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა