ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაული თემის, სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, იეზიდთა სასულიერო საბჭოს, ევანგელურ-ბაპტისტური, საერთაშორისო ბაპტისტური, სახარების რწმენის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების წარმომადგენლები.

შეკრებულებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მიესალა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ რელიგიის სააგენტო კვლავაც შეასრულებს შუამავლის როლს რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც კიდევ უფრო შეიწყობს ხელს საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას.

მისი თქმით, ორი რელიგიური ორგანიზაციის - საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა UNISEF-თან უკვე შედგა და ამგვარი თანამშრომლობის პრაქტიკა გაგრძელდება.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნა რელიგიის სააგენტოს წვლილი და ჩართულობა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებასა და მასპინძლობაში.

მან კმაყოფილებით აღნიშნა ფონდის საკონსულტაციო შეხვედრები საპატრიარქოსა და სამუფტოს წარმომადგენლებთან აჭარაში და ხაზი გაუსვა ფონდის აქტივობასა და ახალ გამოწვევებს გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციის 30-ე წლისთავის ფონზე (საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა). ღასან ხალილის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესში რელიგიის სააგენტოს ჩართულობას, რომელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ახლახან გაფორმდა. ფონდის წარომადგენლები შეხვდებიან ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში.

„რელიგიური ლიდერები ძალიან ახლოს არიან თემთან, მათ დიდი გავლენა აქვთ და ამიტომაც ატარებს ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს. ზოგიერთ ქვეყნებში რელიგიას ბოროტებისთვის იყენებენ და ბავშვებსაც რთავენ ამაში. მშვიდობიანი გარემო საქართველოში იმას ნიშნავს, რომ ტოლერანტობა თქვენთვის დამახასიათებელია და ის ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროშიც უნდა იყოს წარმოდგენილი, ამის მაგალითი კი ჩვენი თანამშრომლობაა“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამომოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, „ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსზე“, რომლის შექმნაშიც, ექსპერტებთან ერთად, რელიგიის სააგენტოს, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თავად ახალგაზრდობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. კოდექსში, უფლებების დაცვის გარდა, ბავშვთა ვალდებულებებიცაა გათვალისწინებული, მათ შორის - რელიგიური ნიშნით ბავშვთა თანასწორობაც. თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოდექსის მიღების, არამედ მისი აღსრულებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კომპონენტები.

რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა გამოთქვეს გაეროს ფონდთან თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნეს ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა ბავშვთა სიღარიბე, განათლება, აღზრდა, დევნილი ბავშვები, უხამსობის, ძალადობის პროპაგანდის შემცველი და ბავშვის ფსიქიკისთვის შეუფერებელი პროდუქციის მავნებლობა და მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს ამ პრობლემის რელიგიათაშორისი ურთიერთობების სიბრტყეში გადმოტანისთვის.

შემაჯამებელ გამოსვლაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა