სასამართლოს გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად გასაჩივრდება, - ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებული შალვა შევარდნაძის ადვოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ოღონდ რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებას. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით რა რისკებზეა საუბარი სასამართლოს მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადებში", - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
„საქმეში მოიპოვება სხვადასხვა მასალათა ერთობლიობა, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე, კონკრეტული მედია საშუალების მიერ გაშუქებული ვიდეოჩანაწერები. ბრალდებული განმარტავს, რომ მან ნამდვილად ისროლა მობილური ტელეფონი დაზარალებულის მიმართულებით, თუმცა არა უშუალოდ მისი მისამართით. ბუნებრივია, ამას გარკვეული შეფასება მიეცა ბრალდების მხარის მიერ და შესაბამისი შუამდგომლობით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.