ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ინიცირებულ კანონპროექტს კამათი მოჰყვა

ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევით ორგანოდ ჩამოყალიბებასა და არჩევნების დევნილებს შორის ჩატარებას შეეხება, კამათი მოჰყვა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, მსგავსი კანონპროექტის დამაინიცირებელი „ევროპული საქართველო" ვერ იქნება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, შესაძლოა, ეს კანონპროექტი შინაარსობრივი თვალსაზრისით მისაღები იყოს, თუმცა ფორმალურ მხარეს ვერ აკმაყოფილებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, კონსტიტუციით დარეგულირებული არ არის არჩევის წესი.

„რომელიმე ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში უმცირესობისთვის კომიტეტზე გატანის დაბლოკვა მცდარი გადაწყვეტილებაა. საეჭვოა ხოლმე, როცა დისკუსიისას მუხლი სრულად არ მოჰყავთ ხოლმე. ასეთი მუხლი არ არსებობს. კონსტიტუციით არ არის დარეგულირებული არჩევის წესი. წარმოადგინეთ ჩანაწერი, სად წერია“, - მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბოკერიას უპასუხა, რომ შემოთავაზებული ფორმით კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად ვერ გადაეცემა, რადგან ფორმალური მხარე დარღვეულია. მან ოპოზიციონერ დეპუტატს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

„ბატონო გიგა, საღი აზრის ტესტი პირდაპირ გეუბნებათ, რომ ამ კანონპროექტს სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკერიას.

სხდომაზევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბოკერიას კითხვით მიმართა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი კანონის მიღების სურვილი ან ინიციატივა. გიგა ბოკერიამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ამის სურვილი ჰქონდათ, თუმცა ინიციატივა - არა. ბოკერიას განცხადებით, არგუმენტი, რომ ადრე ეს ნაბიჯი არ გადაიდგა და ახლაც არ გადაიდგმება, არასწორია.

საბოლოოდ, ბიუროს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარების თაობაზე "ევროპული საქართველოს" მომზადებული კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად არ გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა