გიორგი მშვენიერაძე - ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პროცედურების სრულყოფას ხელს შეუწყობს, ყოველთვის საჭიროა - ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნა დაგვიანებულია

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პროცედურების სამომავლო სრულყოფას ან არსებული ჩანაწერების გაკეთილშობილებს ხელს შეუწყობს, არის ყოველთვის საჭირო და აუცილებელი. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაგვიანებულია, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი თქმით, იმ შესაძლო რისკებზე, რომლებზეც ნინო ლომჯარიას განცხადებასა და საკონსტიტუციო სარჩელშია საუბარი, ის და მისი გუნდის წევრები ჯერ კიდევ მაშინ ამახვილებდნენ ყურადღებას, როდესაც კანონპროექტის მომზადება, ხოლო მოგვიანებით საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობდა.

„ჩვენი ამის შესახებ საკმაოდ ცხადი და არაორაზროვანი პოზიცია გვქონდა სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც და სწორედ ამ საკითხზე ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლობამ, შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, გამოიწვია ის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ჩვენ დავტოვეთ ეს ფორმატი თავის დროზე. ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებობდა რისკები - საბჭოში ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სამართლიანად მოვიხსენიებთ „კლანად“, შეიძლება, გარიგებულები იყვნენ და კენჭისყრაზე ამდაგვარი გავლენა მოეხდინათ. საუბარია, ოთხ-ოთხად და სამ-სამად გადანაწილება ხმების და ასე გაყვანა სასურველი კანდიდატურების. გარდა ამისა, ბუნებრივია, არის სხვა ნაკლოვანი ნაწილებიც, რომელიც აქვს ამ პროცედურებს, მათ შორის, იყო დაუსაბუთებლობის ნაწილი. ჩვენ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების სხვადასხვა მოდელს ვთავაზობდით პარლამენტს, რომელიც სამწუხაროდ, თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული და შედეგებიც ვნახეთ, რომ არც თუ ისე სახარბიელო იყო. ეს შედეგები ჩანს არა მხოლოდ იმ პროცესით, რომელიც საბჭოში მიმდინარეობდა, არამედ იმ პროცესითაც, რომელიც პარლამენტში წარიმართა მოგვიანებით, სადაც არაორაზროვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანდიდატების დიდი ნაწილი მინიმალურ კომპეტენციას ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების, თუმცა ეს ადამიანები საბჭოს მიერ რაღაც უცნაური გადაწყვეტილებისა თუ გარიგების საფუძველზე აღმოჩნდნენ პარლამენტში ნომინირებულები“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ ის შედეგები, რაც პარლამენტის მიერ განსაზღვრული პროცედურების შედეგად დადგა და რომლებიც ცალსახად საჭიროებს გადახედვას.

„სახალხო დამცველსაც თავის დროზე ამ კანდიდატების განხილვისას ჰქონდა დაახლოებით მსგავსი არგუმენტები, რომელიც ჰქონდა კოალიციას, თუმცა მაშინ პარლამენტმა ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა