დიმიტრი გვრიტიშვილი აბსურდულს უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილის იმ 10 არგუმენტს, რომლითაც ჯანეზაშვილი პარლამენტს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აბსურდულს უწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის იმ 10 არგუმენტს, რომლითაც ჯანეზაშვილი პარლამენტს მიმართავს, რომ მხარი არ დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული მიზეზები ნაზი ჯანეზაშვილს არაერთხელ გაუჟღერებია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს მის პრეტენზიებზე არგუმენტირებულად გაუცია პასუხი.

„თუნდაც, ერთ-ერთი სასაცილო არგუმენტია ის, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი იუტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის არაუფლებამოსილ თავმჯდომარეს წარმოადგენდა. სახალხო დამცველსაც იგივე პრეტენზია ჰქონდა 7 ივნისის სხდომასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კენჭისყრა არ ჩატარებულა. არადა, როცა სახალხო დამცველის ანგარიშს ვიხილავდით სხდომაზე ვიდეო-ოქმი გამოვაქვეყნეთ, სადაც აშკარად ჩანდა, რომ 7 ივნისის სხდომიდან დაწყებული და შემდეგ სხდომებზეც იუსტიციის საბჭოს წევრები სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებდნენ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მე სხდომა წარმემართა, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანს კანონით გათვალისწინებული აცილების საფუძველი ჰქონდა. სწორედ ამის მსგავსი აბსურდული არგუმენტები აქვს წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის არგუმენტირებულად ვეწინააღმდეგებოდით და ვაქარწყლებდით. ქალბატონ ჯანეზაშვილს შევახსენებ, რომ ოდირის დასკვნაში ის და ანა დოლიძე დადანაშაულებულები არიან მოსამართლეობის კანდიდატებთან განსხვავებულ მოპყრობაში, გასაუბრების უხეში სტილით წარმართვაში და გასაუბრება რომ რეალურად, დაკითხვას დაამსგავსეს. ამიტომ ჯობია, რომ პირველ რიგში, საკუთარი ქმედებები განსაჯოს ობიექტურად და შემდგომში გამოიშვიროს თითი მოსამართლე წევრებზე“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებულ აზრს პარლამენტს წერილობით წარუდგენს. განსხვავებული აზრი შეეხება თემას: „10 ძირითადი მიზეზი: რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს“.

ჯანეზაშვილმა მედიას წარუდგინა აღნიშნული მიზეზები, რომელშიც შედის:

1) 20 ივნისის პირველი ფარული კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები;

2)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია;

3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი;

4) უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზე შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით;

5) უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი;

6) კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი;

7) დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე;

8) კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა;

9) სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით;

10) მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო