ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე  - ჩემი დამოკიდებულებაა და ვფიქრობ, გუნდიც გაიზიარებს  პოზიციას, რომ  ამ კვირაში არ ჩავატაროთ საკომიტეტო სხდომა და კენჭისყრის პროცედურა, რათა ეს კვირა გვქონდეს მსჯელობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა შეარჩიოს მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა, რომ განმწესდნენ უზენაეს სასამართლოში, თუმცა გამოიკვეთა ასევე ზოგიერთი წარმომადგენლის აზრი, რომ პარლამენტმა უნდა ჩააგდოს სია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც განხილული იყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი.

"ჩვენ დღეს ნაყოფიერი, კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მადლობა გადავუხადე იმ წარმომადგენლებს, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში მათი კონსტრუქციული წვლილისთვის. გავცვალეთ პოზიციები, ჩემი დამოკიდებულებაა და ვფიქრობ, გუნდიც გაიზიარებს პოზიციას, რომ ჩვენ ამ კვირაში არ ჩავატაროთ საკომიტეტო სხდომა და კენჭისყრის პროცედურა, რათა ეს კვირა გვქონდეს მსჯელობისთვის, აზრის გაცვლისთვის და მოვუსმინოთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მექნება კონსულტაცია სახალხო დამცველთან, კომიტეტის ფარგლებში კი გვექნება კონსულტაციები იმ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან, ვინც კომიტეტში არიან წარმოდგენილნი, და სწორედ ამ მსჯელობის და პოლიტიკური დისკუსიის შემდგომ შევთანხმდეთ, როდის იქნება მიზანშეწონილი კომიტეტის სხდომის ჩატარება.

ხაზგასმით რაც აღინიშნა, არის, რომ ყველა მიესალმება იმ მაღალი სტანდარტით წარმართულ პროცესს, რომელიც წარიმართა საქართველოს პარლამენტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების დროს. ეს სტანდარტი ჩვენი გუნდის დამსახურება იყო და რა თქმა უნდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენი კანდიდატი შეიძლება, დაამტკიცოს პარლამენტმა.

"გამოიკვეთა საინტერესო მომენტი - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა შეარჩიოს მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა, რომ განმწესდნენ უზენაეს სასამართლოში, თუმცა გამოიკვეთა ასევე აზრი არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენლის, რომ პარლამენტმა უნდა ჩააგდოს სია, რაც პირადად ჩემთვის სამწუხარო მოცემულობაა. ჩვენი მიზანია გასაუბრების შედეგებთან თანხვედრაში იყოს საბოლოო შედეგი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ობიექტური, ჯანსაღი აზრი იხრება იმისკენ და საჭიროება არის ის, რომ თუკი ჩვენ გვსურს, რომ მართლმსაჯულება არ შეფერხდეს, სასამართლო სისტემა არ გაჩერდეს და ჩვენს მოქალაქეებს მათი უფლების სრული რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, აუცილებელია, უზენაეს სასამართლოში არჩეულები იყვნენ მოსამართლეები შესაბამისი რაოდენობის ფარგლებში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა