„ევროპული საქართველო” საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ეს „ქართული ოცნებისთვის” დამატებითი წნეხი იქნება, არ გააკეთონ რამე მანევრი, რაც შეუძლებელს გახდის საკონსტიტუციო ცვლილებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას განუცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის გადასვლა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ოპოზიციურმა სპექტრმა კანონპროექტი გაცილებით ადრე წარვადგინეთ, ვიდრე უმრავლესობამ, თუმცა გვესმის რა, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ჩვენ არ მივცემ მათ არანაირ საბაბს, რომ ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ჩააგდონ. „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე „ქართული ოცნების” წარდგენილ კანონპროექტს. ეს კიდევ ერთხელ დამატებითი წნეხი იქნება „ქართული ოცნებისთვს” არ გააკეთონ რამე მანევრი, რაც შეუძლებელს გახდის საკონსტიტუციო ცვლილებას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე - ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.
საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობა.
ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას გულისხმობს.