მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია - პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც სახელებს არ ვარქმევთ მთავარ ცოდვას, რაც დღეს ტრიალებს

“ეკლესიის შიგნით იმდენად დიდი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს, რომ ამის გადაფარვა რაღაც არაარსებითი თემებით შეურაცხმყოფელია საეკლესიო ტრადიციის, სჯულის კანონის და შინაგანი წესრიგის”,- ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ის საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სასულიერო პირის განცხადებით, სინოდი არ მსჯელობს ეკლესიის შიგნით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე. მისივე თქმით, მეუფე პეტრემ თავისი სკანდალური განცხადებებით გარღვევა მოახდინა და “ასეთი მხილებები გაგრძელდება მანამდე, სანამ სინოდი არ დაიწყებს ამ საკითხებზე მსჯელობას”.

“ჩვენ რატომღაც ღია კრიტიკის გვეშინია, ამის შიშიც კი თავიდანვე იყო დანერგილი რაღაც უპირობო ავტორიტეტების შექმნით. ანალიზისთვის რომ ვთქვათ, ჩვენ ზვიად გამსახურდიაზე ვაფანატებდით და ყველა ამისკენ ვიყავით მოწოდებული, რომ ზვიადი არის ის ჭეშმარიტი ადამიანი, რომელსაც უყვარდა ერი, რა მოხდა შემდეგ? მოვიდა შევარდნაძე, დაამხო კანონიერი ხელისუფალი, მოხდა გადატრიალება - ამ შემთხვევაში, გვახსოვს თუ არა პატრიარქის სწორი პოზიცია? არავის არ ახსოვს. გააკრიტიკა თუ არა ის ვინმემ და დღეს აკრიტიკებენ თუ არა მას რუსულ ნარატივში? აკრიტიკებს ვინმე იმ ძალების დახმარებაში, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა? თავად ზვიად გამსახურდია წერდა, რომ ეს არის “სუკის პატრიარქი”. მთავარ საკითხებზე არავინ მსჯელობს - რა იყო მთავარი, რითიც ის ჰყავდათ დაჭერილი, ხომ არ იყო ის კომპრომატი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ხომ არ იყო ეს ჰომოსექსუალიზმი? ეკლესიის შიგნით, ეს არის უმძიმესი ცოდვა, რის გამოც დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი განკვეთის ქვეშ აღმოჩნდება. ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც სახელებს არ ვარქმევთ იმ მთავარ ცოდვას, რაც დღეს ტრიალებს. ეს თემა ეკლესიის შიგნით უნდა განხილულიყო. მეუფე პეტრე ამ კითხვებზე პასუხს ვერ ღებულობდა. სინოდის უმაღლესი წევრებისგან ხდებოდა იგნორირება. არავინ უარყოფს, რომ ეკლესიაში ეს პრობლემები არის, უარყოფენ იმას, რომ მეუფე პეტრეს ამ ფორმით არ უნდა გამოეხატა, მაგრამ ჩვენ, ფორმაზე მეტად გვაინტერესებს შინააარსი და მინდა გითხრათ, რომ მეუფე პეტრემ სწორი ფორმები შეარჩია, არც ფორმა დაეწუნება, რადგან მან ეკლესიის შიგნითვე მოინდომა ამ პრობლემის მოგვარება და როდესაც ეს პრობლემა ეკლესიის შიგნით არ გვარდებოდა და განაყენეს, ხომ უნდა ეთქვა რის გამო განაყენეს?” - განაცხადა მამა ანდრიამ.

როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, სასულიერო პირებმა და სინოდის ყველა წევრმა იცოდა აღნიშნული პრობლემების შესახებ და ამ საკითხზე მსჯელობა მიდიოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები საპატრიარქოს მხრიდან იმისათვის, რომ პროცესები სწორად წარიმართოს, მამა ანდრიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხები უნდა განიხილონ სინოდის სხდომაზე.

„ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და გამოსავალი მონახოს. აქ არსებობს ერთი სიმართლე და ამ სიმართლის დასამტკიცებლად ვითხოვთ, ეკლესიის შიგნით ხდებოდეს განხილვა ამ საკითხების”,- აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია