დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელს პერსპექტივა არ გააჩნია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ 27 ნოემბერს უნდა განიხილოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ სარჩელს ასევე პერსპექტივა არ გააჩნია სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გასაჩივრებასაც, მისივე თქმით, ანა დოლიძე არ გამორიცხავს.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა აბსურდი უწოდა ანა დოლიძის განცხადებას, რომ მის წინააღმდეგ არსებული სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ფავორიტ მოსამართლეს“ დაეწერა განსახილველად.

„დღეს გავიგე ანა დოლიძის განცხადებიდან, რომ ეს საქმე გენადი მაკარიძეს გადაეცა, იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა. ეს არის მისი მორიგი აბსურდული ბრალდება, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, ისევე როგორც აცხადებს, რომ თითქოს სტრასბურგშიც გაასაჩივრებს, თუ საქართველოს სასამართლოში მისთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს პერსპექტივა არც სტარსბურგის სასამართლოში ექნება იქიდან გამომდინარე, რომ რა მოთხოვნაც სარჩელით აქვს გაცხადებული, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე წარმატების არავითარი პერექტივა არ გააჩნია.

საქმე ეხება ჩემს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წლის შემდგომ, ომის მოკლე პერიოდში ანა დოლიძემ იმუშავა რუსეთის ინტერესების გამტარი არასამთავრობო ორგანიზაციის სასარგებლოდ და შეაგროვა მასალები. ორგანიზაცია ფიქტიურად და ფორმალურად რეგისტრირებულია ჰოლანდიაშია. მისი მოღვაწეობა, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია და თავისი ვებ-გვერდიც გააჩნია, მოწმობს, რომ მკვეთრად გამოხატული პრორუსული ორგანიზაციაა, რომელიც ატარებს რუსეთის ინტერესებს.

მაგალითად, რითაც ამაყობს ეს ორგანიზაცია არის ის, რომ თურმე ერთადერთი ორგანიზაციაა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასასამართლოში საჩივარი შეიტანა. ანუ აქ არის მცდელობა, რომ მსხვერპლი, საქართველო გამოყვანილი იქნას აგრესორად. სწორედ ამ მისიის საქმიანობაში დაეხმარა ანა დოლიძე ორგანიზაციას და საბოლოო ჯამში, რუსეთს. ეს ვთქვი მე და ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მთავარი ეს იყო. ანა დოლიძე კი თავისი სარჩელით მეორეხარისხოვან ფაქტს მედავება, თითქოს მე ვთქვი, რომ თურმე მოსკოვში ყოფილა. დოლიძე ამბობს, რომ ფიზიკურად მოსკოვში არ ვიყავიო, მაგრამ მას შევახსენებ, იურისტია და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მცდარი ფაქტის გავრცელება არ არის საკმარისი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. ეს ფაქტი უნდა იყოს სახელის გამტეხი და ზიანის მომყენებელი. რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ცალკე აღებული მოსკოვში ყოფნა ვინმეს დამაზიანებელი და სახელის გამტეხი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. დღესაც ჩვენი ათასობით მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, საქმიანობს და ვფიქრობ, მათთვის ეს პატივისა და ღირსების შემლახავი არ უნდა იყოს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საქმეს, რომელიც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, 27 ნოემბერს განიხილავს. ანა დოლიძის ინფორმაციით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ერთი წლით გაჭიანურდა. მან ეს ფაქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დასრულებას დაუკავშირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა