დავით სარალიძის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე 3 მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს 3 მოწმე დაიკითხა. დაკითხულ მოწმეებს შორის, იმ ტაქსის მძღოლიც იყო, რომელმაც კალანდია 51-ე საჯარო სკოლასთან მეგობრებთან ერთად მიიყვანა.

როგორც საქმის პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

„დღეს დაკითხულ მოწმეებს შორის იყვნენ მოწმეები, რომელთაც უშუალოდ გარკვეული შეხება ჰქონდათ ერთის მხრივ, ბრალდებულთან, ასევე მეორეს მხრივ, საქმეში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტებთან. მათ ისაუბრეს საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსში გარკვეულ კომპონენტებს.

დაკითხულ მოწმეებს შორის ერთ-ერთი მოწმე გახლდათ სწორედ ის ტაქსის მძღოლი, რომელმაც უშუალოდ ბრალდებულ მ.კ.-ს გადაყვანა მოახდინა ერთი ადგილიდან მეორე პუნქტში მის მეგობრებთან ერთად და მან დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე წუთით, თუ საათით ადრე ბრალდებული მიიყვანა 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ასევე, დაიკითხა 51-ე სკოლის იმდროინდელი დირექტორის მოადგილე, რომელმაც გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. ის დანაშაულის ჩადენიდან მალევე აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე“, - განაცხადა ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა კი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლის მიერ მიცემული ჩვენება კალანდიას ბრალეულობაზე არ მიუთითებს.

„ტაქსის მძღოლმა მ.კ. სკოლასთან რომ მიიყვანა, ეს დანაშაულია? არათუ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა, საერთოდ, სხვა დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ირიბი მტკიცებულების სახითაც კი ვერ წარმოუდგინეს სასამართლოს კალანდიას მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ორი ახალგაზრდა კაცის მკვლელობა ასეთი კატასტროფით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავი არ არის. ამას წინაპირობები ჰქონდა, რასაც სკოლის არასათანადო დამოკიდებულება ჰქვია ახალგაზრდებისადმი. ის სტატისტიკა, რაც ამ სკოლის მიმართ არსებობს, კატასტროფულია, განგაშის ასატეხია. ამასთან დაკავშირებით, დირექტორის მოადგილესთან კითხვები მქონდა. „თბილისის დინამოს“ თამაშზე არ დადის დღეს იმდენი ბავშვი, რამდენიც ამ სკოლის წინ შეიკრიბა. ერთად გავიდნენ და სკოლის დირექტორი ამას აივნიდან ჩუმად უყურებდა და რეაგირებას არ ახდენდა. რა ჰქვია ამას?“, - აცხადებს თოდუა.

ამასთან, მიხეილ კალანდიას ადვოკატი განმარტავს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავის ფუნქციასა და მოვალეობას არ ასრულებს, ვინაიდან ადვოკატმა მას არასრულწლოვანთა საქმეზე მონიტორინგის თხოვნით მიმართა, რაც თოდუას თქმითვე, სახალხო დამცველისგან იგნორირებულია.

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა