ჯობია, დროულად მიიღონ კანონი და ზედმეტ თამაშს თავი დაანებონ, რადგან უბრალოდ სამარცხვინოა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნების პროპორციული სისტემის წესზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, “ქართულ ოცნებას” “ბინძური თამაშის უფლება არ ჰქონდეს“.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინო ყველა ოპოზიციური პარტიის აზრი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ამ პოზიციაში, რადგან ესაა ხალხის მოთხოვნა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ “ქართულ ოცნებას”. თუ ამ ხალხის ნების წინააღმდეგ წავა “ქართული ოცნება”, მიიღებს ერთადერთ პასუხს საზოგადოების მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსთაველზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო შეკრებილი და თუ გადავხედავთ გუშინდელ სოციალურ ქსელს, ძალიან ნეგატიური იყო გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან იმ თამაშთან მიმართებით, რასაც “ქართული იცნება” ეწეოდა. მე ვფიქრობ, რომ ისევ თავის თავს იზიანებენ და ჯობია, დროულად მიიღონ კანონი. ზედმეტ თამაშს თავი დაანებონ, რადგან უბრალოდ სამარცხვინოა”,- განაცხადა ვაშაძემ.