დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, შეინარჩუნონ შერეული საარჩევნო სისტემა და სანაცვლოდ, რიგ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველი პარტიის წევრებს სთავაზობს, შეინარჩუნონ შერეული საარჩევნო სისტემა და სანაცვლოდ, არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატი, გარდა იმ ოლქებისა, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს ექნებათ რეალური გამარჯვების შანსი.

როგორც ხუნდაძე ამბობს, ამ ნაბიჯით გაიფანტება ყოველგვარი ეჭვი, რომ უმრავლესობას ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების, ან კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.

ხუნდაძემ მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა და არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ამ ნაბიჯით გავფანტოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ჩვენ ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების ანდა კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვისახვთ მიზნად. შედეგად, საზოგადოებისათვის მიცემული დაპირების შესაბამისად, გზა გავუხსნათ პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, მათ შორის, კოალიციურ მმართველობაში, თუ ასეთი რეალობა დადგა.

დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამგვარად ორგანიზების პირობებში ბევრად იზრდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დამარცხების ალბათობა, რადგან ამ უკანასკნელებს, სინამდვილეში, არ გააჩნიათ ხალხის არავითარი პერსონალური ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამიტომ ილტვიან ასე გამალებით პროპორციული სისტემისკენ, რათა ლამაზ დასახელებებს ამოაფარონ საკუთარი სისხლიანი წარსული და სახე. ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ, ცდუნდეს. თორემ, საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ სჭირდება ცესკო და სოციოლოგია.

ცხადია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით ეფექტურად მოემსახურება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთა მრავლფეროვნების კეთილშობილურ იდეას და, რაც მთავარია, ეს მიზანი მიღწეული იქნება ისე, რომ არ დავაზიანებთ არც ერთ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს და ინტერესს - ჩვენ მრავალფეროვნების ხარჯზე კი არ უნდა ვახეიროთ „ნაცები“, „ნაცების“ ხარჯზე უნდა ვახეიროთ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციების გასაფანტად ვიტყვით, რომ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხეთ ჩვენ აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება. ამიტომ თუ ხალხის ნდობა ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის ხელისუფლებაში ნებისმიერ შემთხვევაში მოვა და ამიტომ არანაირი საჭიროება არ არის ხელოვნურად ვუყაროთ სასუქი მავნებლებს.

აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს „ნაცებთან“, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამისილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ "ნაციონალური მოძრაობა", - ნათქვამია ხუნდაძის მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს