საგარეო უწყება - ჩინეთის ელჩის თქმით, საქართველოს მხარისაგან მიღებული ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთის დელეგაციის ვიზიტზე  შესწავლილი იქნება და განიხილება შესაბამისი რეაგირების საკითხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით საგარეო უწყებაში გაიმართა შეხვედრა ჩინეთის ელჩთან, რომელსაც მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩინეთის დელეგაციის ვიზიტისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შესახებ.

უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ელჩმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ აგრძელებს არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მისი პრინციპული მიდგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ არ ექვემდებარება გადახედვას.

„ელჩის თქმით, საქართველოს მხარისაგან მიღებული ინფორმაცია შესწავლილი იქნება და განიხილება შესაბამისი რეაგირების საკითხი. გარდა ამისა, ჩინეთში საქართველოს საელჩომ უკვე მოახდინა კომუნიკაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ჩააყენა საქმის კურსში. დაიგეგმა შეხვედრებიც, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელობის დონეზე. რაც შეეხება ე. წ. აფხაზეთის საპატიო კონსულს ჩინეთში, ხაზგასასმელია, რომ მსგავსი თანამდებობა ოფიციალურად არ არსებობს და რა თქმა უნდა მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღეს, „სპუტნიკ აფხაზიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა. მათი ცნობით, „აფხაზმა მაღალჩინოსნებმა ჩინეთის დელეგაციასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა და „რესპუბლიკაში“ ელექტრომობილების წარმოების დაწყება განიხილეს“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია