ადამ კინზინგერი - ახლა დავბრუნდი საქართველოდან, ვნახე, ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“.

მოსმენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, „ლეხ ვალენსას ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ლეხ ვალენსა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი), თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

„იმისათვის, რათა ვისაუბროთ ნატო-ს ალიანსში შემავალი ქვეყნების მმართველობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ქვეყნებისათვის გაცემული დანაპირები, რომ მათ მიერ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში ნატო-ში გავაწევრიანებთ. ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც ერთი კვირა ვიყავი. გასაოცარი იყო როცა ვნახე ოკუპაციის პირობებში მყოფი მეგობარი - აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას, მათ შორის მიმდინარე ბორდერიზაციასთან და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გატაცებებთან გამკლავებას. საქართველო განაგრძობს განამტკიცოს სასამართლო სისტემა, მედია, მმართველობა, რათა მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლის შედეგადაც აღსრულდება ნატო-ს მიერ საქართველოსადმი გაცემული დანაპირები. თუმცა, ნატო-ში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც შიშობს არ გააღიზიანოს რუსეთი. სასაცილოდაც კი არ მყოფნის იმის გააზრება, თითქოს ნატო-ს ეშინია იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ალიანსის საერთო ეკონომიკის 1/30-ედს წარმოადგენს“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას კინზინგერმა.

განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა.

„ვიზიარებ კონგრესმენი კინზინგერის ძალიან დადებით პათოსს - ჩვენ უნდა გვიხაროდეს. ეს მოხდა 30 წლის წინ, როცა ბერლინის კედელი დაინგრა. მე იმ ასაკის გახლავართ, რომ ეს მახსოვდეს - კედელი თითქოს მუდმივად უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად, შეგუებული უნდა ვყოფილიყავით ამას. რა გასაოცარი ამბავია, რომ მოხდა კედლის დანგრევა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს განმეცადა, როგორც თქვენ აღნიშნეთ - საქართველოს რესპუბლიკა. ვინ წარმოიდგენდა ამას - მე გახლდით გორში, სტალინის დაბადების ადგილას. დრო ასე სასიკეთოდ შეიცვალა. დღეს, საქართველო აშშ-ის დიდი მეგობარია - მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაყოფი ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანას. ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ასეთი ჩინებული მოკავშირეა“, - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საერთაშორისო ტერორიზმის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი).

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა