კახა კალაძე - დეპუტატები იყვნენ, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ ახლა მათ სახელებს არ დავასახელებ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდში კანონპროექტთან დაკავშირებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

“არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ განწყობილი ვიყავით, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევო სისტემაზე გადასვლა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირებაც იყო, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ მე არ დავასახელებ ახლა მათ სახელებს, ყველაფერი გახდება ცნობილი”,- განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი მმართველ გუნდში ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული და მას ხელს 90-მდე დეპუტატი აწერდა.

“მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არ ყოფილა საუბარი, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღეთ. 80 თუ 90 მაჟორიტარი დეპუტატი აწერდა ხელს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაშინ იქნა წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი პარტია არის დემოკრატიული. პარტიაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე, არის განსხვავებული მოსაზრებები. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები. ნამდვილად არ ველოდი თუ ეს არ განხორციელდებოდა, მთავრია გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ქვეყნისთვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ საშუალება ქვეყანაში გამოიწვიონ დაპირსპირება”,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების რეპლიკაზე კი, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოსახლეობა ითხოვს, კალაძემ განაცხადა, რომ “მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის რა განახვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის”.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა არჩევნების ჩატარების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს