არჩილ თალაკვაძე - არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს

პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელები.

„ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. მოგეხსენებათ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა”- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

მისივე თქმით, 2024 წლამდე რჩება სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ცვლიდნენ და ირჩევდნენ ახალ ხელისუფლებებს.

„2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა, საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. შეგახსენებთ, ასევე რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს , როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო