ოთარ ჩრდილელი - კალაძე და ოქრიაშვილი კი არა, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული თუ არა ვარ, მამა ღმერთიც ვერ გადამარწმუნებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ოთარ ჩრდილელი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა კენჭისყრისას მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

ჩრდილელი განცხადებას ავრცელებს და როგორც განმარტავს, „ეს სისტემა, ჯანსაღ და უკვე პოლიტიკურად მომწიფებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი იწვევს სერიოზულ რყევებს, არათუ ჩვენს თითო დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, თან უპასუხისმგებლო ოპოზიციის თანხლებით“.

„პროლოგშივე გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ.

გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები. მქონდა რამოდენიმე შეხვედრა როგორც აღნიშნული კანონპროექტის მომხრეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან. აზრთა ურთიერთჭიდილთან ერთად, არ დავმალავ, იყო (რბილად, რომ ვთქვა) ხმამაღალი საუბრებიც. სხვათაშორის, ე.წ. „მეამბოხე დეპუტატთა“ წერილი უმრავლესობის სხდომაზე მე წავიკითხე, რის შემდეგაც აღნიშნული კანონპროექტისადმი ინტერესი რამოდენიმე დეპუტატმა დაკარგა და გაიზარდა იმ პარლამენტართა რიცხვი, რომლებმაც თავი შეიკავეს კენჭისყრისას.

ეს იყო მოცემულობა და რეალობა, პარტიული შიდა დემოკრატიის წყალობით - ჩემი ჯიუტი ხასიათი ხშირად ყოფილა დაპირისპირების და ხმამაღალი საუბრების საბაბი. ავიღოთ თუნდაც ე.წ. მარიხუანას თემა ან საერთო სასამართლოს საკითხი. ამაზე ნუ შევჩერდებით, რადგან ყველა დაგიდასტურებთ, როგორც ახლად გასული, ისე დარჩენილი და ადრე წასული უმრავლესობის დეპუტატები. უბრალოდ ეს იმათთვის დავწერე, ვისაც ჰგონია, რომ თუ ადამიანი ღიად არ გამოდის მისი პარტიის წინააღმდეგ ის არის: ,,გოშია“-,,მონა“-,,პარაზიტი“. ჯერ ეს სიტყვები არ უნდა იკადრო განათლებულმა ადამიანმა, ქართულ ენაში ალეგორიულ სახეს რა გამოლევს თუ მაინცდამაინც. ეს ისე პასაჟისთვის. ახლა დავუბრუნდეთ მთავარ თემას:

ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ზედაპირულად გადავხედოთ, თუ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მიახლოებული ან ზუსტად ასეთი მოდელი მოქმედებს.

რიგგარეშე არჩევნები დემოკრატიის სამშობლოში, საბერძნეთში ჩატარდა:

2007 წლის მერე 6-ჯერ, 2015 წლის მერე - 2-ჯერ, ხოლო 2019 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დანიშნა ვადამდელი არჩევნები, ნაცვლად იმისა, რომ მორიგი არჩევნები ოქტომბერში ჩატარებულიყო.

ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა: 2011 წელს, 2016 წელს, 2019 წელს.

მოლდოვა: 2009 წლის 29 ივლისს დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამავე წლის დეკემბერში პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა. 2010 წელს კვლავ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და იგი პროპორციული სისტემით ჩატარდა. პროპორციული სისტემით ჩატარდა 2014 წლის მორიგი არჩევნები ქვეყანაში.

უკვე 2019 წელს ჩატარდა ერთი არჩევნები და კიდევ მოსალოდნელია.

რიგგარეშე არჩევნები ხშირად ყოფილა პოლიტიკური კრიზისის ჟამს ისრაელშიც და იტალიაშიც, უკანასკნელად 2019 წლის აგვისტოში - ქვეყანა ვადამდელი არჩევნების ზღვარზე იყო, თუმცა პრობლემა იტალიის პრეზიდენტმა, მატარელამ გადაჭრა.

ასეთი სიტუაციაა, ჩემო მეგობრებო იმ რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც დემოკრატიისაგან და პლურალისტური საზოგადოებისაგან შორს ნამდვილად არ არის.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თუ რა სიტუაცია გვექნება ჩვენ პარლამენტში და რამდენ ხანს გასტანს ის კანონშემოქმედებითი ორგანო, როდესაც ერთად მოხვდებიან: რევანშისტულ-რესენტიმენტალური მეხსიერების მქონე პარტიები, რაღაც ტრაიბალისტური 2-კაციანი არაფრისმთქმელი მოძრაობები. წარმოგიდგენიათ მაინც იქ რა (პირდაპირი გაგებით) დახლი დაუდგებათ?! თქვენ ხედავთ თუ რა უპასუხისმგებლო, ყველანაირ პრინციპზე უარმყოფელი ხალხია ოპოზიციის მედროშედ, თუ როგორ იყენებენ ისინი მოსახლეობის თვალის ასახვევად წინა ხაზზე ახალგაზრდებს. პოლიტიკურ ლაბირინთებში კარგად გამობრძმედილ კაცს გაუჭირდება გარკვევა ზოგჯერ, არა თუ თინეიჯერებს, რომლებისთვისაც გარედან ლამაზად შეფუთულად სჩანს პროპორციული სისტემა.

თუმცა როგორც ვხედავთ: ეს სისტემა, ჯანსაღ და უკვე პოლიტიკურად მომწიფებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი იწვევს სერიოზულ რყევებს არათუ ჩვენს თითო დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, თან უპასუხისმგებლო ოპოზიციის თანხლებით.

ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი დეპუტატისთვის მეტად რთული იყო თვითნებურად, პარტიული დირექტივის გვერდის ავლით ამ გადაწყვეტილების მიღება. მესმის, რომ მოსახლეობის ნაწილის, დასავლელ პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებათა და პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მომიწია წასვლამ, მაგრამ ეს გავაკეთე ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, სტაბილურობისათვის. შეიძლება ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინე, თუმცა მე ასეთი ხედვა მაქვს, პოლიტიკური პროცესი პროლონგაციურია და ზოგჯერ ცოტა გვიან ჩანს შედეგი, ვიდრე როდესაც პროცესში იხარშება. არის რეალური საფრთხე, რომ დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარებულმა, ბიონეგატიურმა ადამიანებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ეს არის ბნელი ძალა, რომელიც იყენებს ყველას და ყველაფერს, ოღონდ უკან მოტრიალდეს! დიახ უკან! რებრენდინგის შემდეგ-სტრატეგიული შიზოფრენიით შეპყრობილი ძალის დევიზია: უკან დავბრუნდეთ, წინ 2012-საკენ!

ჩემმა რჩევამ ჯვარი დაგწეროთ, მაგრამ ოპოზიციურ ძალებში მყოფ რამოდენიმე სუბიექტს, შევახსენებ თომას ჯეფერსონის სიტყვებს: ,,უფრთხილდი კავშირს, რომელიც გიზღუდავს მოქმედებას“. მე მაგალითად, ეშმაკს ვერ შევეკვრები, მითუმეტეს ადვოკატად ვერაფრით დავუდგები.

ბოლო ორი დღე საოცრებები ისმის, შეფასება თქვენთვის მომინდია, ემზადება ხალხი ხელისუფლებაში მოსასვლელად და აქ ჩემი უშრეტი ფანტაზიაც კი წყდება:

გივი თარგამაძე (ექს-დეპუტატი): „არაფერს გამოვრიცხავ, რადიკალიზმი იქნება.“

გიორგი ბარამიძე (თავდაცვის ექს-მინისტრი): ,,გვინდა ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა“. თაკო ჩარკვიანი, მიმართავს სააკაშვილს: ,,გარისკე მეგობარო, ჩამოდი“

გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): ,,მზად ვარ, ავიღო მართვის სადავეები და ვმართო ეს ქვეყანა“.

P.S. გუშინ ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა, ტვ “პირველის” გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ინგა გრიგოლიასთან ღია ეთერით საუბარში განაცხადა: ოთარ ჩრდილელი კახა კალაძის გარეშე გამარჯობას არ გეტყვითო, ამიტომ გამოდის, რომ კალაძემ უთხრა ჩრდილელს ასე მოიქეციო…

  1. ზემოთ მოგახსენეთ, საკმაოდ ჯიუტი ვარ, კალაძე და ოქრიაშვილი კი არა, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული თუ არა ვარ, მამაღმერთიც ვერ გადამარწმუნებს.

2.სალამი ღვთისაა… “სალმის” გარდა, არაფერი მაბადია ქალბატონო ხათუნა, ვინ თუ არა თქვენმა პარტიამ მაინც ხომ იცის.

3.კალაძის და ჩემი კოლაბორაცია. თქვენ გხედავთ და უფრო ხშირი კომუნიკაციაც (სალამი და შეხვედრა დეპუტატთათვის განკუთვნილ სივრცეში) თქვენთან მაქვს, ვიდრე კალაძესთან,“- აცხადებს ოთარ ჩრდილელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო