„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს. მიმართვაში ორგანიზაცია ევროპარლამენტარებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ აწვდის ინფორმაციას და როგორც აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ „ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“.

„ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. 14 ნოემბრის შემდეგ კი ეს რეგრესი ყველაზე თვალსაჩინო გახდა. ეს პროცესი აშკარად ძირს უთხრის ქვეყნის სვლას უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობისაკენ და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი ნიშანია.

კერძოდ, საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ, მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საარჩევნო სისტემის დაპირებულ ცვლილებაზე, რომელიც არსებული მანკიერი შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ეს დაპირება ამ ზაფხულს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის მონაპოვარი იყო. მმართველმა პარტიამ ერთგვარი სპექტაკლი დადგა, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, რომლებიც თავადვე იყვნენ ამ ცვლილებების ინიციატორები, მმართველ პარტიას „აუჯანყდნენ”. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ სინამდვილეში ეს იმთავითვე დადგმული წარმოდგენა იყო, რომლის უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას.

მოვლენების დინამიკა ყოველ წუთს იცვლება და ახალ ძალას იძენს; მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს კი მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის ოპოზიციურ პარტიებს ასეთ მოკლე დროში პარტიული საქმიანობისა და რესურსების მობილიზების კუთხით.

ამიტომ ასეთ დაძაბულ პერიოდში მოგმართავთ თხოვნით, ყურადღება არ მოადუნოთ და ფხიზლად ადევნოთ თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ, არ შეიქმნათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ პარლამენტის მიერ ცვლილებებზე უარის თქმა შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება იყო. საქმე სრულიად სხვაგვარადაა: შექმნილი ვითარება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც სურს, საკუთარი მმართველობა საქართველოში ამ ფსევდო დემოკრატიული პროცესების მეშვეობით გაიხანგრძლივოს, სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელებაა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილ წერილში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა